მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" ორად გაიყო, რაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომამაც დაადასტურა.
"პატრიოტთა ალიანსის" წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ შეინარჩუნებს, რადგან მმართველ გუნდში ერთიანობა აღარ არსებობს. ჭიჭინაძე ამბობს, რომ როცა პარლამენტის თავმჯდომარე გუნდზე ლაპარაკობს, ის ალბათ, ფრინველების გუნდს გულისხმობს.
„კობახიძე და მისი პორტირებული გუნდი, ეს არის ალბათ ამ პარლამენტში ყველაზე დიდი ბოროტება, როგორ მოხვდნენ და რატომ მოხვდნენ აბსოლუტურად გაუგებარია.
როდესაც ეს ადამიანების სიტყვა გუნდს ახსენებს, მათ წარმოუდგენიათ გუნდი ალბათ ფრინველთა. არ იციან რომ პოლიტიკა ეს არ არის თანამდებობები, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. ხალხს კი ისინი სცილდებიან“-ამბობს ჭიჭინაძე.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. ეკა ბესელიამ გადაწყვეტილების მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია დაასახელა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა.
ბესელიას განცხადებით, სიაში იყვნენ მოსამართლეები, რომელთა სახელები არაერთ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება.
ბესელიას განცხადებამ მისივე თანაგუნდელების გაღიზიანება გამოიწვია. განცხადებების შემდეგ დაპირისპირება დეპუტატებს შორის კომიტეტის სხდომაზე გაგრძელდა. "ქართული ოცნება" ორ ბანაკად, ბესელიას მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად გაიყო.