19 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
თუ მომიწევს რაღაცებზე პასუხის გაცემა, ჩემი პასუხი არ იქნება ტკბილი - ეკა ბესელია მმართველი გუნდის წევრებზე საუბრობს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება. ბესელიას თქმით, კონსულტაციების გამართვა აუცილებელია, რადგან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მისი წასვლის შემდეგ საქმეების გადაბარება უნდა მოხდეს.

„რომ ვხვდებით ეგ კი არ არის გასაკვირი, რომ არ შევხვდეთ ის არის გასაკვირი იმდენი საკითხია გასავლელი,“ - ამბობს ბესელია.

ბესელიას თქმით, უნდა გაირკვეს ვინ დაიკავებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას, რადგან კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა საგაზაფხულო სესიამდე არ მოხდება.

„კონსულტაციები აუცილებელია იმიტომ, რომ ამ წუთას არის შექმნილი ვითარება ისეთი, რომ იურიდიულ კომიტეტს არ ეყოლება ორშაბათიდან არც თავმჯდომარე და არც პირველი მოადგილე. ჩემი განცხადება ბიუროს ექნება უკვე ორშაბათსვე, მაგრამ იქამდე პირველი მოადგილის საკითხი არის გასარკვევი იმიტომ, რომ მან უნდა შეასრულოს თავმჯდომარის მოვალეობა იქამდე, ვიდრე თავმჯდომარეს ავირჩევთ პლენარულ სესიაზე, ეს იქნება საგაზაფულო სესიაზე, თებერვალში,“ - ამბობს ეკა ბესელია.

ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა სიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისმა კოლეგებმაც ღიად დააფიქსირეს ამ საკითხზე უთანხმოება.

„საბოლოოდ მოხდეს სწორედ ამ პროცესის ისე წარმართვა, რომ კრიტერიუმები დადგინდეს, კანონში ცვლილება შევიდეს და გადაწყვეტილებები სამართლიანი იყოს მიღებული,“ - ამბობს ბესელია.

ბესელიას თქმით, „ქართული ოცნების“ წევრების ნაწილთან გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვს და გუნდში დაპირისპირება არ არსებობს.

"თუ მომიწევს რაღაცებზე პასუხის გაცემა და თუ ამის აუცილებლობის წინაშე დავდგები, რომ იქნება ისეთი გამონათქვამები, რომელიც არ იქნება რეალური და სიმართლე, მე მომიწევს ამაზე პასუხის გაცემა და ჩემი პასუხი არ იქნება ტკბილი," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები