ექსკლუზიური ვიდეოკადრები - „კურიერმა“ სამგორის ყოფილი გამგებლის, მამუკა ჩოქურის მანქანის დაწვის ამსახველი მასალა მოიპოვა.
პირადი შურისძიება, ბიზნეს გარჩევა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება - სამგორის ყოფილ გამგებელს მანქანა მეორედ დაუწვეს.
ვიდეოკადრები სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. მამუკა ჩოქურის თქმით, კამერებმა დააფიქსირეს ის ადამიანი, ვინც მის მანქანას ცეცხლი წაუკიდა. კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი ჩადის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, ავტომობილს წვავს და ამის შემდეგ იმავე სადარბაზოში შედის.
ეს ჩოქურის ავტომობილის დაწვის უკვე მეორე შემთხვევაა. პირველად სამგორის ყოფილ გამგებელს ავტომობილი სამი წლის წინ დაუწვეს. მამუკა ჩოქური მომხდარის მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ამ ეტაპზე პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს.
ჩოქური ამბობს, რომ მას უთანხმოება არ აქვს არც ბიზნესპარტნიორებთან, შესაბამისად მისთვის უცნობია, რა გახდა ავტომობილის დაწვის მიზეზი.