ძალადობა, ზეწოლა, არჩევნების გაყალბება, ამომრჩევლის მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - ეს დარღვევები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - სქართველოს“ დასკვნაში მოხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები შეაჯამა, რის მიხედვითაც დგინდება, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის ხელისუფლებამ ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენა.
საბოლოო ანგარიშში დიდი ნაწილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხება. დოკუმენტში წერია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციული რესურსის ყველა შესაძლო ვარიანტი გამოიყენა, რომ არჩევნებზე სასურველი შედეგი მიეღო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში „კურიერის“ საგამოძიებო რეპორტაჟებს ეყრდნობა, რომელიც ამომრჩეველთა მოსყიდვის და დაშინების ფაქტებს ასახავს. 32-გვერდიან დოკუმენტში მოხვდა ქვემო ქართლში არჩევნების გაყალბების ამსახველი ვიდეომასალაც, რომელიც „შაბათის კურიერმა“ გაასაჯაროვა.
დოკუმენტის ერთი ნაწილი ხელისუფლებისათვის არასასურველი ახალი ამბების გადაფარვის მცდელობას ეხება. დასკვნაში ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზეც საუბრობს არასამთვრობო ორგანიზაცია.
არასამთავრობო ორგანიზაციის შემაჯამებელი დოკუმენტის შეფასებაზე უმრავლესობის ნაწილმა თავი შეიკავა იმ მოტივით, რომ დოკუმენტი არ ქონდათ წაკითხული. ნაწილმა კი გამორიცხა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ამომრჩეველთა მასშტაბურ მოსყიდვად მიიჩნევს 600 ათასი ადამიანისთვის ვალის განულებას. შემაჯამებელი დოკუმენტის ავტორები ფიქრობენ, რომ 2012 წელიდან დღემდე ასეთი ცუდი არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.