ბრძოლა წესების გარეშე - ასე აფასებს იურისტების ნაწილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ბოლო დღეებში მიღებულ ორ სკანდალურ გადაწყვეტილებას - უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებისა და ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესების შესახებ.
საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების ხელმძღვანელ პირებს შორის შეხვედრა დღის ბოლოს დახურულ ფორმატში გაიმართა. ირაკლი კობახიძე გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზეზი უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება და მოსამართლეობის კანდიდატების ის 10-კაციანი სია გახდა, რომელიც უკვე მეოთხე დღეა, ხმაურიანი საჯარო დისკუსიისა და დაპირისპირების თემაა.
საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე მხარეებმა თანამშრომლობის პირობა დადეს. თუმცა კვლავ გაურკვეველი რჩება, რა ბედი ელის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ სიას.
მმართველ გუნდში უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებისა და ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები დაპირისპირებების მიზეზი გახდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ ელიტას აფრთხილებენ, რომ სასამართლო სისტემის არაფორმალურ მმართველებთან კეკლუცი შეწყვიტოს. მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი პრობლემის სიმწვავეს ადეკვატურად ვერ აღიქვამს და ასევე ვერ აცნობიერებს ჩიხში შესული მართლმსაჯულების გამო საკუთარ პასუხისმგებლობას.