„მე პირადად არ მომწონებია, არ მომწონს გუნდის წევრებს შორის საჯარო, რბილად ვიტყვი, მწვავე დებატები,“- ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას. თეა წულუკიანის თქმით, პრობლემური საკითხები გუნდში უნდა განიხილონ და იკამათონ და არა საჯაროდ.
„ამგვარი საკითხები შეიძლება გუნდის შიგნით განვიხილოთ, ვიდავოთ, ვიკამათოთ ხოლმე, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც არის ძლიერი, რომელიც მოდის ბრძოლიდან, მოდის შორიდან, ამიტომ ოპონენტების მოლოდინი, რომ გუნდი გაიხლიჩება არის უადგილო,“- განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი ეკა ბესელიას მიერ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასაც გამოეხმაურა. წულუკიანმა ბესელიას მმართველი გუნდის ძველი მებრძოლი და ძველი გვარდია უწოდა. მისი თქმით, მას ეკა ბესელიასთან ხშირი კომუნიკაცია აქვს.
„ქალბატონ ეკას რამდენჯერმე შევეხმიანები, ან ის დამირეკავს და შევხვდებით და ვისაუბრებთ. რას ვეუბნებით ერთმანეთს, თქვენი ნებართვით, არ ვიტყვი, ვიტყვი ერთს, ვიტყვი იმას, რომ ეს ადამიანი არის ჩვენი გუნდის ძველი მებრძოლი და ძველი ე.წ. გვარდია და ძალიან მომწონს ეს ეპითეტი. აქედან გამომდინარე, მე ასე მჯერა, ის დარჩება ერთ-ერთ წამყვან ფიგურად პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც ყველას წინ გვიძევს, წინ გვიძევს 2020 და შეიძლება 2024-ც, ეს მინდა, ვუთხრა ოპონენტებს,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.