ენმ კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მიზეზი საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიებია, რომელსაც მაღალჩინოსნები კონკრეტული პროექტების განხორციელებას მაინც ავალებენ.
საუბარია ვარკეთილის ხიდების რეაბილიტაციაზე, რომელსაც "შპს პასაჟი" საქართველო ახორციელებს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნულ კომპანიას ჯერ კიდევ 20 ნოემბერს უნდა დაესრულებინა სამუშაოები, რისთვისაც მიიღო კიდეც 1.5 მლნ. ლარი. თუმცა სამუშაოები კვლავაც არაა ჩაბარებული. კომპანია რომ ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს, კახი კალაძემ ჯერ კიდევ 25 დეკემბერს აღიარა, თუმცა იმავე დღეს, ზუსტად იმავე კომპანიას კიდევ ერთი, 162 000 ლარიანი კონტრაქტი ამჯერად კრწანისის მერიამ გაუფორმა. ოპოზიცია მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსისა და კრწანისის გამგებლის გადადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ კომპანიას დისკვალიფიკაცია უნდა მიეცეს.
„როგორ მოხდა, რომ ავტოფარეხში დარეგისტრირებულმა კომპანიამ, რომელიც ხელშეკრულებამდე რამდენიმე თვით ადრე დარეგისტრირდა მიიღო მერიისგან მილიონნახევრის ტენდერი. პლიუს ამას, როდესაც დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ეს კომპანია არის ცუდი, უხარისხოდ ასრულებს სამუშაოებს, ასევე ვერ აკეთებს იმ ნაკისრ ვალდებულებებს რაც ხელშეკრულებაში წერია, რატომ მოხდა, რომ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ტენდერის გარეშე ასევე მერიისგან, კონკრეტულად ჩუღურეთის გამგეობისგან, ნაძალადევის გამგეობისგან მიღებული აქვს ხელშეკრულებები. ჯამში ამ კომპანიას, ამ მილიონ ნახევრის გარდა მიღებული აქვს მილიონ ორასი ათასი ლარის ხელშეკრულება და აქედან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიღებული აქვს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. ჩვენ მოვითხოვთ, როგორც პირველი შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია ბატონი პაპავა თანამდებობა დატოვოს. და მეორე მნიშვნელოვანი, გამგებლებმა როლებიც მერია ამბობს, რომ ცუდი კომპანიაა და ამ დროს ეს ხალხი უფორმებს ხელშეკრულებას ტენდერის გარეშეც მნიშვნელოვანია დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხიც,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.