19 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
ხმაურიანი დაპირისპირება პარლამენტში - ეკა ბესელია თანამდებობას დღეს ოფიციალურად დატოვებს 

პარლამენტში წლის ყველაზე ბოლო ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დღეს პოსტს ოფიციალურად დატოვებს.

ეკა ბესელიას განცხადება ბიუროზე დარეგისტრირდება. დღესვე დეპუტატები  კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე კენჭს გედევან ფოფხაძეს უყრიან. რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტური პოსტის შემთხვევაში მის მოვალეობას სწორედ პირველი მოადგილე ასრულებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციაზე მოიაზრება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილიც. მმართველ გუნდში პოზიციები ორად იყოფა. მწვავე დაპირისპირების შემდეგ "ქართული ოცნება" ორ ნაწილად გაიყო - ეკა ბესელიას მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. 

კანდიდატებს 17-დან 9 დეპუტატის თანხმობა სჭირდება.

„ჩემი ინტერესი არის ის, რაც ეკა ბესელიას პრინციპული პოზიცია იყო, ეს პოზიცია იურიდიულ კომიტეტში იყოს ბოლომდე დაცული. მ ე იგივე პოზიციაზე ვარ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესი იყოს ისეთი მაღალის სტანდარტის, რომ არათუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ არც ერთ მოქალაქეს არ გაუჩნდეს კითხვის ნიშნები. მე მესმის, რომ გუნდის შიგნით ხდება საერთო სტრატეგიების შემუშავება, მაგრამ ის, რომ საჯარო სივრცეში განსხვავებული აზრის გამოთქმის სივრცე გავაქროთ, ეს მე მგონი დემოკრატიული სტანდარტი ვერ იქნება,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს უმცირესობა. „ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ მმართველ გუნდში ბრძოლა თანამდებობებისთვის მიმდინარეობს.

„შიგნით არის რაღაც ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთში იბრძვიან თანამდებობებისთვის, ჩვენ ამ ბრძოლაში არ ვაპირებთ ჩართვას. ჩვენ გვაინტერესებს სხვა რამ, მივიღოთ დამოუკიდებელი სასამართლო, რისთვისაც მნიშვნელოვანია, საზოგადოების წარმომადგენლები, სპეციალიზებული არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩაერთოს პროცესში,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია დაასახელა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა. 

დღის ამბები