19 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
პირველი მოადგილე რეგლამენტის დარღვევით იქნა არჩეული - კობახიძე ფოფხაძეზე

პარლამენტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება, ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

კობახიძე აღნიშნავს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს მხოლოდ ერთი კანდიდატის დასახელების უფლება ჰქონდა, ხოლო ეკა ბესელიამ სამი დაასახელა, რაც რეგლამენტის დარღვევაა.

სწორედ აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის შეფასებით, გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე რეგლამენტის დარღვევით არის არჩეული.

„არის სამწუხარო ფაქტი, თუმცა, ეს არის შემდგარი ფაქტი, რომ რეგლამენტის დარღვევით იქნა არჩეული პირველი მოადგილე. რა თქმა უნდა, იურიდიული კომიტეტი საპროცედუროსთან ერთად უნდა იყოს ის კომიტეტი, რომელიც პირველ რიგში, არის პასუხისმგებელი რეგლამენტის დაცვაზე. ეს არის სამწუხარო მოვლენა, თუმცა, ბიურო არ არის უფლებამოსილი შეაფასოს სამართლებრივად ეს საკითხი. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი კენჭისყრის გარეშე, ცნობად ვიღებთ ჩვენ ამ ფაქტს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას პროცედურის დარღვევასთან დაკავშირებით იზიარებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანიც. მისი თქმით, პირველი მოადგილის კანდიდატურების დასახელება რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება, რადგან წესის თანახმად, მხოლოდ ერთი კანდიდატი უნდა დაესახელებინა ეკა ბესელიას. 

დღეს იურიდიულმა კომიტეტმა დღეს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე გედევან ფოფხაძე აირჩია. მან ვანო ზარდიაშვილი შეცვალა, რომელმაც გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მიიღო.

ეკა ბესელიამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება გუნდში დაპირისპირების გამო გადაწყვიტა. წასვლის მიზეზად კი ბესელიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა სიის პარლამენტში გადაგზავნა დაასახელა, სადაც მისთვის მიუღებელი მოსამართლეები აღმოჩნდნენ.

ეკა ბესელიამ ასევე გააკრიტიკა ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესება.

დღის ამბები