19 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
"არავის არ ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას" - კობახიძე ბესელიას აფრთხილებს და ჭიჭინაძის ისტორიას ახსენებს

მმართველ გუნდში დაპირისპირება გრძელდება - „ქართული ოცნების“ ერთი ნაწილი ეკა ბესელიას უპირისპირდება. მათ შორის არის პარლამენტის თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად გარიცხვით ემუქრება და მას დავით ჭიჭინაძის ისტორიას ახსენებს. ირაკლი კობახიძე აცხადებს, გუნდის წინააღმდეგ წასვლას არავის ურჩევს.

„თქვენ გახსოვთ შარშან ამ დროსაც კონკრეტული დეპუტატები უშვებდნენ შეცდომებს და ამ შეცდომებს გაეცა შესაბამისი პასუხი, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობდით იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ერთიანობა და ერთადერთი დეპუტატი, რომელსაც მოუწია უმრავლესობის დატოვება, მოგეხსენებათ იყო ვინც. შესაბამისად აქაც სულისკვეთება იქნება იგივე. ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ მაქსიმალურად ერთიანობა, თუმცა ყველას უნდა მოვუწოდოთ დაიცვან წესები. ჩვენ ვართ მაქსიმალურად პასუხისმგებელი წესების დაცვაზე.

მე პირადად როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ თითოეულმა დეპუტატმა, განსაკუთრებით უმრავლესობაში დაიცვან წესები,“-განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე- შესაძლებელია თუ არა ეკა ბესელიამ დავით ჭიჭინაძის მსგავსად საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს, კობახიძემ განაცხადა:

„მე თეორიულ ვარიანტებზე ვერ ვისაუბრებ, მთავარია ყველამ დაიცვას წესები. ბიძინა ივანიშვილი ჩემს გვერდით კი არ დგას, ის არის ლიდერი გუნდის, შესაბამისად მე ვარ ამ გუნდის ნაწილი და ვიცავ იმ წესებს, რომელიც არის დადგენილი ამ გუნდის მიერ. არის ერთ გუნდი, მას ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, როგორც გუნდის ლიდერი და არავის არ ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას,“-აცხადებს პარლამენტის თავჯდომარე.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკა ბესელიამ დღეს ოფიციალურად დატოვა. დღესვე კანონმდებლებმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს. ის თავმჯდომარის თანამდებობას შეასრულებს. ახალ თავმჯდომარეს კი დეპუტატები საგაზაფხულო სესიაზე აირჩევენ. 

ეკა ბესელიამ გადადგომის გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო. მიზეზად დეპუტატმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეთა სია დაასახელა. 

ბესელიამ თქვა, რომ უვადო მოსამართლეთა სიაში იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ. 

დღის ამბები