"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ 2018 წელი შეაჯამა. გიგა შუშანიას თქმით, ეს წელი ქუთაისისთვის წარუმატებელი და საბედისწერო აღმოჩნდა. "ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ ერთი დაპირება შეასრულა და პარლამენტი გადაიტანა ქუთაისიდან.
ერთადერთი მასშტაბური პროექტი, თეთრი ხიდის რეაბილიტაცია კი ხარვეზებით დასრულდა. ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის გამოყოფილ ადგილზე კი ჯერაც ბაყაყების ყიყინი ისმის.
„შეიძლება ჩვენი ქალაქისათვის ეს წელი საბედისწეროც კი აღმოჩნდეს. ვგულისხმობ, „ქართულმა ოცნებამ“ ერთადერთო დაპირება შეასრულა და მთავრობის სახლის, მარეგულირებელი კომისიის, კონტროლის პალატის, საგზაო დეპარტამენტის და სხვა უწყებების დახურვის შემდეგ, დაასრულა ეს წელი ქუთაისში, პარლამენტის გადატანით და საპარლამენტო სტატუსის გაუქმებით. უკვე აისახა ქუთაისზე ეს ყველაფერი. 2018 წელს, სამწუხაროდ, არ შეიძლება არ აღინიშნოს, გამოირჩეოდა ქუთაისში, როგორც ყველგან, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, დაშინებით, კრიმინალების, ხელისუფლების და ძალოვანი უწყებების კოორდინირებული საქმიანობით,“ - აცხადებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გიგა შუშანია.