ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების კრიტიკას პასუხობენ. ისინი მოსამართლეებს ურჩევენ, თავი შეიკავონ პოლიტიკაში ჩართვისგან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ ის ზომიერად აკრიტიკებს მოსამართლეებს და კრიტიკაც მხოლოდ მათ ეხებათ, ვინც უარი არ თქვა „ძალადობრივი რეჟიმის სამსახურში“ ყოფნაზე.
„იმედს ვიტოვებ, რომ მოსამართლეები პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებენ. მე ჩემს განცხადებებში ვარ ძალიან მოზომილი და სასამართლო სისტემაში არის ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელიც არც თავის დროზე და არც შემდეგ არ იყო უსამართლობის მსახური, ამიტომ ჩემი სამდურავი არ ეხება ყველას.
შესაბამისად არც დისკრიმინაციულ;ი იქნება გამონათქვამი როცა ვამბობ, რომ „ძალადობრივი რეჟიმის მსახური“ იმიტომ რომ იყვნენ მოსამართლეები, ვინც დატოვა თანამდებობები და წავიდნენ, იყო მოსამართლეები რომლებიც გაყარეს იმიტომ რომ არ იყვნენ რეჟიმის მსახური. ამიტომ ყველა ერთ ქვაბში ვერ იქნება მოხარშული,“-ამბობს ბესელია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ეკა ბესელიას და მის გუნდს უპირისპირდებიან. საგანგებო განცხადება მოსამართლეებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს.
ისინი ეკა ბესელიასა და მის თანამოაზრეებს მუქარაში , სასამართლოზე ზეწოლასა და სასამართლოს საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებენ.
მოსამართლეები აცხადებენ, რომ არასწორია მოსამართლეების განსჯა იმის მიხედვით, თუ რომელი პოლიტიკური რეჟიმის დროს ეწეოდა საქმიანობას.