19 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
პირველი იანვრიდან დაგროვებითი პენსია ამოქმედდა - ოპოზიცია თანხების განკარგვის რისკზე საუბრობს

პირველი იანვრიდან ქვეყანაში დაგროვებითი პენსია ამოქმედდა. ახალი სისტემა სავალდებულოა 40 წლამდე მოქალაქეებისთვის, სხვა შემთხვევაში კი ნებაყოფლობითი. საპენსიო სააგენტოში პირველი სამუშაო დღე აქვთ. ამოქმედდა ცხელი ხაზი. ოპერატორები მოქალაქეების პირველ შეკითხვებს პასუხობენ. ასევე ამუშავდა ვებგვერდი, სადაც მოსახლეობას შეუძლია, საკუთარი ხელფასისა და ასაკის მიხედვით გამოთვალონ, თუ რამდენი იქნება საპენსიო ასაკში მათი პენსია.

დასაქმებულებისთვის, ვინც მიმდინარე წლის 6 აგვისტომდე 40 წელი არ ჰქონდა შესრულებული, პროგრამაში მონაწილეობა სავალდებულოა. მათ პენსიისთვის ხელფასიდან ყოველთვიურად 2 პროცენტი ჩამოეჭრებათ, ამდენივეს გადარიცხავს ფონდში დამსაქმებელი კომპანია და სახელმწიფო.

ფინანსთა სამინისტროს საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის თქმით, თანხები ვერ გაიფლანგება, რადგან თანხების ინვესტირება კანონის მიხედვით მოხდება.

ოპოზიციის წარმომადგენლები დაგროვებით პენსიას ამოქმედებამდე აპროტესტებდნენ. მთავარი რისკი ახლა ის არის, თუ როგორ განიკარგება თანხა, რომელიც მოქალაქეები საკუთარი ხელფასიდან პენსიისთვის დააგროვებენ.

„ნაცვლად იმისა, რომ დღევანდელ პენსიონერს მიხედონ, რომელიც გაჭირვებაშია, ნაცვლად იმისა, რომ დღესვე აამოქმედონ 400 ლარიანი პენსიაზე ეტაპობრივი გადასვლა, ამის ნაცვლად, გაურკვევლ ვალდებულებას იღებენ 20-25 წლის შემდეგ მოსახლეობის წინაშე, მოქალაქეს ბეგრავენ 2%-ით, ბიზნესს ბეგრავენ 2%-ით, ბიუჯეტიდან მიაქვთ დამატებით 2%,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, დაგროვებითი პენსია დამატებითი ტვირთია, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას არ წაადგება.

„არ ვფიქრობ, რომ ასეთ ვითარებაში, ამ რისკების პირობებში, რაც პირველ რიგში, ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარეა, დაგროვებითმა პენსიამ ამ სისტემით შეიძლება ღირსეული სიბერე მოიტანოს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა.

 

დღის ამბები