„თუ ჩვენ ჩინჩალაძეს და ამ მოსამართლეებს დავნიშნავთ, ჩვენ ქართველი ხალხის წინაშე არათუ მართლები არ ვიქნებით, არამედ ეს იქნება აშკარა მოტყუება მეორე ტურის განწყობების გათვალისწინებით,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ „კურიერთან“ სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა.
დეპუტატი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოსამართლეთა იმ 10-კაციან სიას, რომლის წარდგენას მმართველ გუნდში დიდი დაპირისპირება მოჰყვა.
გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა შეცდომებისთვის და სთხოვა, რომ ხმა მიეცა. გედევან ფოფხაძის თქმით, თუკი მიხეილ ჩინჩალაძეს უვადო მოსამართლედ დანიშნავენ, ეს იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამომრჩევლის მოტყუება.
„გუნდიდან წასვლა არის ტექნიკური და ორგანიზაციული ნაწილი. ის არ არის მარტო პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში. მე კენჭისყრის დროს მაგ გადაწყვეტილებას წინააღმდეგობა მივეცი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეების შერჩევის თემა ჩვენმა პრობლემებზე არ გადაფაროს. იმიტომ, რომ დაიწყონ ჩვენმა ოპონენტებმა ასეთი ტაქტიკით მოქმედება ამ თემასთან დაკავშირებით. ეკაზე ცუდს ამბობენ, შემდეგ შეიძლება სხვებზეც იგივე გააკეთონ. მე გუნდში ვიქნები, არ ვიქნები, მთავარი ჩვენ არ ვართ, მთავარი არის მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა. სულ რომ არ ვიყო მე, მოსამართლეებად უღირსი ადამიანების შერჩევა ქვეყნისთვის არის კატასტროფა. თუ ჩვენ ჩინჩალაძეს და ამ მოსამართლეებს დავნიშნავთ, ჩვენ ქართველი ხალხის წინაშე არათუ მართლები არ ვიქნებით, არამედ ეს იქნება აშკარა მოტყუება მეორე ტურის განწყობების გათვალისწინებით. ხალხმა მართლა იმიტომ მოგვცა ხმა, რომ ლამის დავუჩოქეთ ხალხს და ვთხოვეთ, შეგვეშალა, არასწორები ვიყავით, ბევრი რამე არასწორად გავაკეთეთ, მაგრამ ახლა ნუ გაგვწირავთ, სააკაშვილი უარესია და არ გვინდა, ქვეყანა დაიღუპოს და მოდით არჩევნებზე, გვიშველეთ,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
"ქართული ოცნების" ლიდერებს შორის ბოლო დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ.
ეკა ბესელიას განცხადებას არალოგიკური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. სწორედ ამის შემდეგ მმართველი გუნდი რამდენიმე ბანაკად გაიყო. ბესელიას მომხრეები, მოწინააღმდეგეები და დეპუტატები, რომლებიც არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.
ბესელიას გადადგომის შემდეგ კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ფოფხაძე კომიტეტიდან საერთოდ გაიწვიეს.