19 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
"სრული უფლება აქვთ ჩამოაყალიბონ ახალი ფრაქცია“ - საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეკა ბესელიას შესახებ

მმართველ გუნდში დაპირისპირება გრძელდება. მიზეზი უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეთა 10-კაციანი სიაა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა. 

"ქართული ოცნების" დეპუტატები ერთმანეთს ღიად, სწორედ აღნიშნული სიის გამო დაუპირისპირდნენ. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თანამდებობიდან გადადგა, არჩეული პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძე კი მისივე თანაგუნდელებმა კომიტეტიდან გაიწვიეს. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბესელია კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ფრაქცია "ქართულ ოცნებასაც" დატოვებს. უკვე გამოკვეთილია მმართველი გუნდიდან დეპუტატთა ნაწილიც, ვინც სავარაუდოდ ბესელიას შეუერთდება. ერთ-ერთი სწორედ გედევან ფოფხაძეა. არ არის გამორიცხული არსებული დაპირისპირების ფონზე პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნას, რომელსაც თავად ბესელია უხელმძღვანელებს. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” წევრი, მირიან წიკლაური ეკა ბესელიასა და გედევან ფოფოხაძის მიერ ახალი ფრაქციის ჩამოყალიბების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. 

„ფრაქციას შექმნის თუ არა ეკა ბესელია ან გედი ფოფხაძე, ჩემი თანამოაზრეები იყვნენ 2012 წელსაც, 2016 წელშიც და არიან ჩემი თანამოაზრეები დღესაც. მათ ასე უკანა პლანზე გადაწევა, რბილად რომ ვთქვათ, მაინც და მაინც არ უნდა იყოს მისაღები. ახალი ფრაქციის შექმნას წინ რა უდგას. 6 კაცი სრულიად საკმარისია, რომ ახალი ფრაქცია შეიქმნას. სრული უფლება აქვთ ჩამოაყალიბონ და შეიძლება ჩამოყალიბდეს კიდეც ახალი ფრაქცია,“ - განაცხადა მირიან წიკლაურმა.

თანაგუნდელების შესაძლო წასვლასა და ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებაზე გუნდურობის დარღვევის მოტივით კომენტარს არ აკეთებს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. მდინარაძე განმარტებებს მხოლოდ იურიდიული კომიტეტიდან  გედევან ფოფხაძის გაწვევაზე აკეთებს. 

„ჩვენ ვუფრთხილდებით გუნდის თითოეულ წევრს. ჩვენ გუშინ არც ერთი სიტყვა არ დაგვიძრავს არც ერთს, არც ფრაქციის რომელიმე წევრს, არც პარტიის ხელმძღვანელს, იმასთან დაკავშირებით, რომ საუბარი ყოფილიყო ვინმეს გარიცხვაზე. ჩვენ მივიღეთ ყველაზე რბილი გადაწყვეტილება იმ შემთხვევისათვის, როდესაც გუნდურობის წესი დაირღვა ერთი მხრივ და მეორე  მხრივ, პროცედურები და რეგლამენტის წესები დაირღვა და ამ რბილი გადაწყვეტილების ფარგლებში გამოვიწვიეთ კომიტეტიდან გედევან ფოფხაძე, რომ გარკვეული უხერხულობა თავად მასაც კი მოხსნოდა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები