19 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ გამწესება - საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას ღია მსჯელობისკენ მოუწოდებს

მოსამართლეთა უვადოდ გამწესება - უცნობია, მიიღებს თუ არა საპარლამენტო ოპოზიცია განხილვებში მონაწილეობას. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ სიაში წარდგენილი მოსამართლეთა კანდიდატების ნაწილი მათთვის მიუღებელია.

ოპოზიციის წევრების შეფასებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სია საზოგადოების აზრის გათვალისწინების გარეშე შეადგინა.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მოსამართლეთა კანდიდატურებზე ღიად მსჯელობაა. 

„საერთოდ ამ სიასთან ატეხილი აჟიოტაჟი და ზოგადად, მოსამართლეების თემა, მგონი, ძალიან აზარალებს ჩვენს ქვეყანას, იმ იმიჯს, რომელიც უნდა ჰქონდეს საქართველოს, როგორც ქვეყანას რეფორმატორს და უპირველეს ყოვლისა, სასამართლო არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა არის დავიდარაბა იმასთან დაკავშირებით, გაიწვევენ თუ არ გაიწვევენ ამ სიას, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ასეთი ვითარებაა, როცა ამდენი პრეტენზიაა, როდესაც ასეთი უკმაყოფილებაა ამ კანდიდატებთან დაკავშირებით, შეიძლება ყველასთან არა, მაგრამ ზოგიერთთან, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს განხილული, უნდა იყოს ღია მსჯელობაც ამ საკითხზე და ამის ფორმა უნდა მონახოს ხელისუფლებამ, ეს მათი პასუხისმგებლობაა,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები 2018 წლის 24 დეკემბერს დაასახელა. ათკაციან სიაში შედიან მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე.

სწორედ აღნიშნული სია გახდა მმართველ გუნდში განხეთქილების მიზეზი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა და სიის უკან გაწვევა მოითხოვა. დაპირისპირება კვირაზე მეტია, გრძელდება. უცნობია, როგორ განვითარდება პროცესები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ეკა ბესელია პარტიიდან გარიცხონ

ამავე თემაზე
დღის ამბები