19 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
მწვავე დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში" - ეკა ბესელიამ მხარდამჭერებთან კონსულტაციები დაიწყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ვიდრე მმართველი გუნდის წევრები,  იურიდიული კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარის ბედს პარტიის სხდომაზე გადაწყვეტენ, ეკა ბესელია თანამოაზრე დეპუტატებთან კონსულტაციებს მართავს.

ბესელიას მხარდამჭერთა შორისაა დავით ჭიჭინაძეც, რომელიც პარტიიდან და საპარლამენტო უმრავლესობიდან დაახლოებით 6 თვის წინ გარიცხეს. ბესელია მოუწოდებს მასთან დაპირისპირებულ ყველა დეპუტატს, საჯაროდ დააფიქსირონ პოზიცია და ღიად განაცხადონ რა აზრის არიან უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა ათკაციანი სიის შესახებ.

ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გუნდურობის პრინციპის დაცვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც უპასუხა და თქვა, რომ "მას გუნდურობას ვერავინ ასწავლის". 

„რა დავალებით ისაუბრებს კახა კუჭავა, ან რომელიმე სხვა კოლეგა ან მდინარაძე და ეს გასაგებია, რომ ეს არის იმ ჯგუფის პოზიცია, რომელსაც არ გამოუხატავს თავის პროტესტი და თავის წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ამ პროცესისა და ამ სიის მიმართ. ამიტომ მოდით, ყველამ დააფიქსიროს თავის პოზიცია ღიად და საჯაროდ, რას ფიქრობს ამ სიასთან დაკავშირებით, უნდა იყოს თუ არა ეს სია გაწვეული და დაუჭერენ თუ არა ამ სიას  მხარს. მოდით, ყველა ამ ადამიანს, რომელიც გუნდურობას მასწავლის და რაღაც ვერსიებს ავითარებს და ჩემს მაგივრად სანამ ისაუბრებენ მიზეზებზე, რომელიც  მხოლოდ მე ვიცი და არ იციან მათ და არ აქვთ ეს ინფორმაცია, უმჯობესი იქნება პირდაპირ ჰკითხოთ დაუჭერენ თუ არა ამ სიას მხარს, იმ ადამიანებს ვინც სიაშია გამოჩნდება რა პოზიცია აქვთ იმ ადამიანებს ვინც საჯაროდ ავითარებს იმ ვერსიას, რომელიც აქვს ირაკლი კობახიძეს და ეს არის ცრუ ვერსია,“-აცხადებს ეკა ბესელია.

"ქართული ოცნების" ლიდერებს შორის ბოლო დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ. 

ეკა ბესელიას განცხადებას არალოგიკური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. სწორედ ამის შემდეგ მმართველი გუნდი რამდენიმე ბანაკად გაიყო. ბესელიას მომხრეები,  მოწინააღმდეგეები და დეპუტატები, რომლებიც არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება მიმდინარე კვირას კიდევ უფრო გამწვავდა. თანაგუნდელები ერთმანეთს არაერთ ბრალდებას უყენებენ. 

დღსვე ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" ეკა ბესელიას ულტიმატუმის შესრულებას და მოსამართლეთა სიის უკან გაწვევას არ აპირებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები