ნაციონალური მოძრაობის წევრი, რეზო ხარაზი, აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელს, არჩილ ჩიქოვანს, ინფორმაციის დაბლოკვაში ადანაშაულებს.
მისი განმარტებით, აჭარის საგზაო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად აჭარის მთავრობის წევრი დეპარტამენტის ხელმძღვანელობას აიძულებს, დაფაროს საჯარო ინფორმაცია, გზების მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით.
ოპოზიციური პარტიის წევრი მიიჩნევს, რომ აქ არის კორუფციული სქემა, რადგან აჭარის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი დაწესებულება საგზაო დეპარტამენტია.
„უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აძლევენ კონკრეტულ ვადას და ეს გამოიხატება, მაქსიმუმ, ორი დღის ვადაში, რომ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოგვაწოდოს 2018 წლის ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებული დეტალური, ჩაშლილი ინფორმაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავაყოვნებთ და წერილობით მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომ აუცილებლად შეისწავლოს ეს საკითხი. ასევე, რა თქმა უნდა, ამის შემდგომ მივმართავთ პროკურატურასაც,“ - აცხადებს რეზო ხარაზი.