17 მაისი 2024,   11:08
ვრცლად
მზადება ფრაქციის შესაქმნელად - "ოცნების" ე.წ. ახლებთან დაპირისპირებული ეკა ბესელია კონსულტაციებს მართავს 

ეკა ბესელია კონსულტაციებს მართავს და საკუთარი ფრაქციის შესაქმნელად ემზადება. ბესელიასთვის პრინციპული საკითხია უზენაეს სასამართლოში განსამწესებელი მოსამართლეთა სია. დეპუტატი მოითხოვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაგზავნილი 10-კაციანი სია უკან იყოს გაწვეული.

ეკა ბესელიასთან შეხვედრაზე გედევან ფოფხაძესა და რევაზ არველაძესთან, ერთად იმყოფებოდა "ოცნების" ყოფილი წევრი, დავით ჭიჭინაძეც

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, გედევან ფოფხაძე განსხვავებული აზრის დევნაზე საუბრობს. ის პარტიის თავმჯდომარეს მიმართავს და ამბობს, რომ გუნდში არსებული დაპირისპირების დროს ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს მედიატორი და არა მხარე. 

„თუ გუნდის შიგნით არ იქნება დემოკრატიული პროცესი, ქვეყანაშიც ვერ იქნება დემოკრატიული პროცესი, განსხვავებული აზრი სადმე ხომ უნდა იყოს განხილული და მსჯელობის საგანი. როდესაც ბატონი ბიძინა პოლიტიკაში დაბრუნდა მისი გზავნილი ერთ-ერთი იყო ის, რომ ის იქნება მედიატორი მსგავსი წინააღმდეგობების დროს. მე მგონია, რომ ეს იყო სწორი გზავნილი და ის უნდა იყოს მედიატორი და არ უნდა იყოს მხარე. ჩვენ ახლა მტყუანები ვართ თუ მართლები, საზოგადოებამ გადაწყვიტოს. კობახიძეს არ აქვს მაგის უფლებამოსილება, რომ მტყუან-მართალი დაადგინოს ამ შემთხვევაში,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, რევაზ არველაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას აკრიტიკებს, რომელმაც თქვა, რომ ის ვინც გუნდის წინააღმდეგ წავა, პარტიიდან გაირიცხება. 

არველაძე ამბობს, რომ პარლამენტში "ოცნების" გუნდს 115 წევრი წარმოადგენს და არა რომელიმე 10 ადამიანი.  მისი თქმით, გადაწყვეტილებას იღებს გუნდი. რაც შეეხება განხეთქილებას, დეპუტატი ამბობს, რომ განსხვავებული აზრის ქონა დაპირისპირებას არ ნიშნავს.

„ჩემი აზრით, ცოტა ცხელ გულზე ნათქვამია. იმიტომ, რომ გუნდის წინააღმდეგ რას ნიშნავს, მე რომ ვთქვა რომ გუნდის წინააღმდეგ არ წავიდეს არავინ, ნიშნავს, რომ მე ვარ გუნდი? გუნდი არის მთლიანობაში. მაგალითად, პარლამენტის "ქართული ოცნების" გუნდი არის 115 კაცი და არა 10 კაცი. ამიტომ, გუნდში უნდა გადაწყდეს, 115 კაცში და არა ცალკე ვინმემ თქვას, რომ აი, ვინც გუნდის წინააღმდეგ წავა. მე არ მგონია, რომ ეკა ბესელია წასულიყო გუნდის წინააღმდეგ,“ - განაცხადა რევაზ არველაძემ.

ამ წუთებში კი კახეთში „ქართული ოცნების“ წევრების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც სამომავლო გეგმებსა თუ არსებულ პრობლემებზე უნდა მსჯელობენ. შეხვედრას არ ესწრებიან "ოცნების" ე.წ. ძველების წარმომადგენლები. არსებული ინფორმაციით, კაჭრეთში არ იმყოფება არც ბიძინა ივანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელია თანაგუნდელებს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 10-კაციანი სიის გამო დაუპირისპირდა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები 2018 წლის 24 დეკემბერს დაასახელა. ათკაციან სიაში შედიან : მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე.

სწორედ აღნიშნული სია გახდა მმართველ გუნდში განხეთქილების მიზეზი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა და სიის უკან გაწვევა მოითხოვა. დაპირისპირება კვირაზე მეტია, გრძელდება. უცნობია, როგორ განვითარდება პროცესები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ეკა ბესელია პარტიიდან გარიცხონ

ამავე თემაზე
დღის ამბები