17 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენაში, მთავარ პასუხისმგებლობას პარლამენტს აკისრებს

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა შეაფასა. ჯანეზაშვილი დღეს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ყოფილ მოსამართლეებს შეხვდა.

საბჭოს არამოსამართლე წევრი სასამართლოს როლზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი დამოუკიდებელი არ იქნება, ქვეყანაში წინსვლის გარანტია არ იარსებებს.

ჯანეზაშვილი სრულ პასუხისმგებლობას პარლამენტს აკისრებს და ამბობს, რომ სწორედ საკანონმდებლო ორგანომ უნდა შეიმუშაოს სწორი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო იხელმძღვანელებს.

„ჩვენი დემოკრატიის, ბუნებრივია განვითარების ხაზი გადის სასამართლოზე და სასამართლოს გარეშე ვერაფერი ვერ შედგება, ვერც ეკონომიკა განვითარდება და ვერც ადამიანის უფლებები იქნება დაცული, ამიტომ მნიშვნელოვანი რგოლია, ხელისუფლების ერთ-ერთი შტოა. უზენაესი სასამართლო არის უმნიშვნელოვანესი ინსტანცია, ბუნებრივია, ამიტომ, როდესაც საზოგადოების ყურადღება და კრიტიკა მიპყრობილია აქეთკენ, ეს არის სრულიად ჯანსაღი პროცესი. პასუხისმგებლობა არის, რა თქმა უნდა, პარლამენტზე, რომ დაადგინოს წესები, რომლითაც იხელმძღვანელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტის თითოეული წევრი აიღებს უზარმაზარ პასუხისმგებლობას,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ჯანეზაშვილმა დღესვე დაანონსა, რომ მომავალ კვირას ანა დოლიძესთან ერთად პარლამენტს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცედურებთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს.

დაპირისპირება მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ გამსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ. 10-კაციან სიას ბოიკოტი გამოუცხადა ასევე ეკა ბესელიამ, რომელმაც სწორედ ეს სია დაასახელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად.

დღეს კი ეკა ბესელიას ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა  ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია დეპუტატის ქმედებები და განცხადებები. ივანიშვილის შეფასებით, მმართველმა გუნდმა გონივრული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისათვის მეტი დრო დაიტოვა.

დღის ამბები