19 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტში წარდგენის კრიტერიუმების განსაზღვრაზე გუნდში კონსენსუსია - კახიანი

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არსებული ათკაციანი სიის შეცვლას მოითხოვენ. 

ისინი პარლამენტის მიმართავენ, მკაცრად განისაზღვროს ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც პარლამენტში წარსადგენი მოსამართლეების შერჩევა მოხდება.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი არ გამორიცხავენ დაწუნებული მოსამართლეთა სია არ შეიცვალოს. თუმცა, როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ამბობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტში წარდგენის საკითხთან დაკავშირებით გუნდში კონსენსუსი არსებობს.

„გუნდში ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა მსჯელობა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ. ფაქტობრივად კონსენსუსი არსებობს უმრავლესობის რიგებში  იმ საკითხთან მიმართებაში, რომ კანონმდებლობით  უნდა იყოს გაწერილი კონკრეტული კრიტერიუმები და შესაბამისი სტანდარტები იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს იუსტიციის საბჭოს მხრიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების წარდგენა პარლამენტში. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ეს შესაძლებელია საგაზაფხულო სესიაზე. სესია კი იწყება თებერვალში,“-ამბობს გიორგი კახიანი.

დაპირისპირება მმართველ გუნდში უზენაეს სასამართლოში განსამწესებელ მოსამართლეთა გამო დეკემბრის ბოლოს დაიწყო. პროტესტის ნიშნად, ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით ფოფხაძის არჩევისას რეგლამენტი დაირღვა, რის გამოც ის ამ თანამდებობას ვერ დაიკავებს. 

ბესელიას წინააღმდეგ ე.წ. ახლებს მხარს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც უჭერს, გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილმა ბესელია და ფოფხაძე მკაცრად გააკრიტიკა. მმართველი პარტიის სხდომაზე შესაძლოა ბესელია და ფოფხაძე მმართველი გუნდიდან გარიცხონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები