იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თანამდებობის დატოვების კონკრეტულ მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, წინასწარ იყო მოფიქრებული სქემა, რომ ის კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტიდან გათავისუფლებულიყო.
ბესელიას განცხადებით, გარკვეულ ჯგუფს არ სურდა ამ თანამდებობაზე ისეთი პირის ყოფნა, რომელიც მათ ინტერესების გატარებას ხელს შეუშლიდა.
„გარკვეული ჯგუფისთვის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არ იყო, ასე ვთქვათ, სანდო და მე მგონია, რომ ამ შემოთავაზებით, ასე ჩავთვალე მაშინ და ასეც ვთქვი, მოფიქრებული იყო სქემა, რომ იურიდიული კომიტეტი გათავისუფლებულიყო იმ თავმჯდომარისგან, რომელიც ხელს შეუშლიდა გარკვეული ჯგუფის ინტერესების გატარებას,“- აცხადებს ბესელია.
ბესელია ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და დარწმუნებულია, რომ მოსამართლეთა 10-კაციანი სია პარლამენტში ვერ გავა.
“კონსტიტუციის ცვლილება როგორც კი ძალაში შევიდა, იუსტიციის საბჭოს მხრიდან მაშინვე დაიწყო სიის ფორმირების მზადება. იმ ჯგუფის ინტერესებშიც შედიოდა, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არ ყოფილიყო ეკა ბესელია. მე ვაგრძელებ ამ პროცესს ჩემს მეგობრებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, მიზანს მივაღწევთ - ეს სია ვერ გავა პარლამენტში,“ - აცხადებს ბესელია.
დაპირისპირება მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ. აღნიშნულ მოსამართლეთა სიას ბოიკოტი გამოუცხადა ეკა ბესელიამ, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად სწორედ ეს სია დაასახელა.