მოსამართლეობის სიის საკითხი კვლავ განხილვის თემაა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთან კომიტეტის სხდომაზე, სადაც უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი იურიდიულ კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად აირჩეს, საუბარი მოსამართლეობის 10 კაციანი სიის საკითხსაც შეეხო.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით უმრავლესობის დამოკიდებულება გააპროტესტა.
აბესაძე დაინტერესდა მოსამართლეთა სიის ფორმირებასა და კრიტერიუმების შემუშავებაში რატომ არ არის ჩართული როგორც ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მისი თქმით, ამ პროცესზე ფარული მუშაობის გაგრძელება დაუშვებელია, რათა იგივე შედეგები არ იქნას მიღებული.
„ვერ გავიგეთ, რა პროცესი მიმდინარეობს, ვინ მონაწილეობს ამ პროცესში, რატომ არ არის ჩართული, თუნდაც ოპოზიცია იქნება თუ არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ. იმ კრიტერიუმების შემუშავებაზე, რომელზეც, თითქოს, ვიღაც უნდა მუშაობდეს. იმიტომ, რომ ამ პროცესის გაგრძელება ასე ფარულად, ისევ იმ ფორმით, რა ფორმითაც იქნა სია წარმოდგენილი, როდესაც ერთ ოთახში დაიწერა სია და დღეს გვპირდება იუსტიციის საბჭოს მდივანი, რომ ნებისმიერ კრიტერიუმს, რაც არ უნდა დაწეროთ, მოვარგებთ ჩვენ იმ სიას, რომელიც წარმოვადგინეთო, იგივე შედეგი რომ არ მივიღოთ, მე მგონი მნიშვნელოვანია, რომ თუ თქვენ გაქვთ უკვე ამის ინფორმაცია ან უფლებამოსილება, გავაკეთოთ განმარტებები, რომ საჯაროდ ყველამ ვიცოდეთ, რა პროცესი მიმდინარეობს,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
აბესაძის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა. ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატების სიის განხილვას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე დაუბრუნდება.
„რაც თქვენ ბრძანეთ, ამასთან დაკავშირებით დღეს საკამათო არაფერია, ვინაიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეობის კანდიდატების განხილვას ჩვენ დავუბრუნდებით საგაზაფხულო სესიაზე და იმასთან დაკავშირებითაც მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ეს მოხდება პროცედურებისა და კრიტერიუმების შემუშავების შემდეგ. ეს სამუშაო პროცესი ჯერ არ არის დაწყებული, შესაბამისად, ის დაფარული ვერ იქნება, ვინაიდან ჯერ არ არის დაწყებული,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.