რატომ გაუგზავნა საახალწლო მილოცვა პრემიერ-მინისტრმა ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ პოლკოვნიკს - ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტში განმარტება გაკეთდა.
დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ სია პრემიერის აპარატისთვის ორი წლის წინ აქვს გაგზავნილი. მალხაზ თოფურიას თქმით, ტრისტან წითელაშვილი ომის მონაწილე და შშმ პირია, რაც სრულად აკმაყოფილებს პრემიერის მისალოცთა სიაში მოხვედრისთვის საჭირო კრიტერიუმებს.
თოფურია ამბობს, რომ წითელაშვილი პრემიერისგან ოფიციალურ მისალოც წერილებს მომავალშიც მიიღებს.
„თუ იქნება შშმ პირების სიაში მიიღებს შესაბამისად მილოცვას, ასე რომ აქ გადარჩევა გადმორჩევა არ არის. ერთადერთი კრიტერიუმი იყო ომის მონაწილეობა და შშმ პირობა,“-ამბობს თოფურია.
თავად ტრისტან წითელაშვილი კი აცხადებს, რომ პრემიერმა სამშობლოს წინაში მისი დამსახურებები დაუფასა. მისივე თქმით, ასეთივე მილოცვა მას კვირიკაშვილისგანაც აქვს მიღებული.
პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ ტრისტან წითელაშვილს საახალწლო მილოცვა გაუგზავნა. ტრისტან წითელაშვილი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, "ქართულმა ოცნებამ" 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. თუმცა, ის მას შემდეგაც გაეხვა სკანდალში, როდესაც 2016 წელს გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გიგი კალანდაძემ, განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია ტრისტან წითელაშვილმა ფირზე გადაიღო, რომელიც შემდეგ საქართველოს მტერი ქვეყნის ხელში აღმოჩნდა.