საკადრო ცვლილებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდის დეპუტატები ეხმაურებიან. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის შესახებ, რომელიც, „კურიერის“ წყაროს ცნობით, სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ ინიშნება, ბევრი არაფერი სმენიათ.
ისინი ოპოზიციის განცხადებებსაც პასუხობენ და ოპონენტებს სპეკულაციებში ადანაშაულებენ, რადგან ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სუს-ში საკადრო წმენდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის შურისძიებაა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, ძალოვან სტრუქტურებში საკადრო გადაადგილებები ბუნებრივი პროცესია.
„ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის შეფასება ხდებოდეს იმ შედეგით, თუ რა პასუხისმგებლობა აქვთ მათ ქვეყნის წინაშე. ვხედავთ, რომ ეს შედეგები არის მოლოდინზე გაცილებით უფრო კარგი. დანარჩენი ინტრიგის თემები, რომლის შემოტანა მათ სურთ მედიის წესრიგში, უადგილოა,“- განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან კობერიძემ.
მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციის იმ განცხადებებსაც ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც, სუს-ში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გავლენა ძლიერდება.
„ვინ ვისთან არის მიბმული არასერიოზულია. ერთი პოლიტიკური გუნდი ვართ, გახარიაც, გომელაურიც, ცქიტიშვილიც და ყველა,“- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
"კურიერს“ სანდო წყარო უყვება, რომ სუსს უფროსის პირველ მოადგილედ შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნება. „რუსთავი 2"-ის წყაროს ცნობით, გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან უკვე შეთანხმებულია.