„უფრო მეტად უნდა დავაფასოთ ის აქტივისტები, ის წევრები, რომლებიც არიან პარტიის ერთგულები, რომლებიც დიდი მონაწილეობას ღებულობდნენ არჩევნებში,“- ეს განცხადება, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალოვან უწყებებში გადაადგილებები ბუნებრივია. ხუნდაძის თქმით, ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რადგან ის საარჩევნო დაპირებაც იყო.
მმართველი გუნდის დეპუტატის აზრით, პარტიის აქტივისტები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ, უფრო მეტად უნდა დააფასონ.
„ძალოვან სტრუქტურებში როტაცია, საკადრო ცვლილებები არის მიღებული, ეს არის არჩევნებამდე, ეს ხდება არჩევნების მერეც. ასე, რომ აქ არჩევნები არაფერ შუაშია. თუ არჩევნების შემდეგ ცვლილებები იქნება, ეს აუცილებლად უნდა იყოს, იმიტომ, რომ ეს ჩვენი დაპირებაც იყო, პირველ რიგში, უნდა იყოს აქტივში ეს ცვლილებები. უფრო მეტად უნდა დავაფასოთ ის აქტივისტები, ის წევრები, რომლებიც არიან პარტიის ერთგულები, რომლებიც დიდი მონაწილეობას ღებულობდნენ არჩევნებში. ასევე სამსახურებში ამასთან ერთად უნდა იყოს მაღალი კომპეტენცია. ცვლილება არ უნდა გვიკვირდეს,"-აცხადებს ხუნდაძე.
"კურიერს“ სანდო წყარო უყვება, რომ სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ შსს-ის გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნება. „რუსთავი 2"-ის წყაროს ცნობით, გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან უკვე შეთანხმებულია.
როგორც ცნობილი გახდა, სუს-ის ათობით თანამშრომელი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და კადრების სამსახურის განკარგულებაში გადაიყვანეს. გათავისუფლებები სერია სუს-ში ისევ გრძელდება.