უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირებას ელის "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი". ოპოზიციური პარტიისთვის გასაგები და მისაღებია პრეზიდენტის პოზიცია, რომელმაც ავტოკეფალიასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებისგან თავი შეიკავა.
გიორგი ლომიას განმარტებით, პრეზიდენტი სხვა ინსტიტუტის კომპეტენციაში არ უნდა იჭრებოდეს.
„პრეზიდენტი ისეთ ინსტიტუტში არ უნდა ერეოდეს, რა ინსტიტუტიც მას არ ეკუთვნის. არსებობს საკითხები, რა საკითხებზე საუბარიც კი არ შეიძლება, რატომ? - არ ხარ ბოლომდე გარკვეული და როდესაც პოლიტიკოსი გამოდის და ან აკრიტიკებს ქართულ ეკლესიას ან პირიქით, ამბობს, რომ კარგი ქნა, რომ არ შეუერთდა, მე მიმაჩნია, რომ ეს არასწორია,“ - განაცხადა ლომიამ.
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ მან, როგორც მოქალაქემ, საქართველოს მაგალითის გათვალისწინებით იცის, რა მნიშვნელოვანი ფაქტია ქვეყნისთვის ავტოკეფალიის მინიჭება, მაგრამ როგორც პრეზიდენტი, მილოცვისგან თავს შეიკავებს, რადგან აცნობიერებს იმ შედეგებს, რაც შეიძლება ამ მილოცვას მოჰყვეს.
საქართველოს ეკლესიის წევრები წმინდა სინოდს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის თხოვნით მიმართავენ. შეიქმნა სპეციალური პეტიცია სახელწოდებით - "უკრაინის ავტოკეფალიის მხარდასაჭერი წერილი საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს", სადაც განმარტებულია მხარდაჭერის მიზეზები.
პეტიციის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ შელახავს საკუთარი ავტოკეფალიის ისტორიას და დაამოწმებს ევქარისტიულ ერთობას უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.