უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით დეპუტატებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს შორის პარლამენტში შეხვედრა გაიმართა. ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს „ქართული ოცნების“ სამი წევრი შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა სასამართლო სისტემის გასაჯანსაღებლად საკანონმდებლო ცვლილებების შემოღება იყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა მმართველი გუნდის დეპუტატებს საკუთარი ხედვები გააცნეს.
ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან უზენაეს სასამართლოში უვადოდ განსამწესებელ იმ მოსამართლეთა 10-კაციან სიას, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობაშიც დიდი დაპირისპირება მოჰყვა.
„ჩვენ მოვედით დღეს გზაგასაყარზე, როდესაც შეიძლება კლანმა საბოლოო ჯამში განიმტკიცოს სასამართლო ხელისუფლება და ჩააცემენტოს საკუთარი თავი სამარადჟამოდ. მე ვფიქრობ, ეს გამოწვევა ესმის დეპუტატებს და მათ ესმით, რომ ქართველი ხალხისთვის ეს არის უპირველესი დაკვეთა. ეს ბრძოლა იქნება ბოლომდე და, რა თქმა უნდა, როგორც დავიწყეთ ეს ბრძოლა, ისევე გავაგრძელებთ მას მე და ნაზი ჯანეზაშვილი,“- განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით მზად არიან, ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შეხვდნენ.
„თუ ვინმეს არ უნდა, რომ სიაში არ მოხვდეს ისევ გვრიტიშვილი, მიქაუტაძე, ჩინჩალაძე და სხვები და არ მივიღოთ აი, ასეთი ფორმით წარდგენილი სია, მაშინ საკანონმდებლო წინადადებას მხარს დაუჭერენ, რადგან აქ არის მინიმალური სტანდარტები წარმოდგენილი. ჩვენ მზად ვართ, რომ შევხვდეთ ყველა დაინტერესებულ მხარეს. უახლოეს დღეებში იგეგმება სხვა შეხვედრებიც და მზად ვართ, რომ ყველას ვესაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც საბჭოშია და იმ დამცავ მექანიზმებზე, რომლებიც უნდა შემუშავდეს იმისთვის, რომ ისევ ისეთი სია არ მივიღოთ, როგორიც ჩვენ გვაქვს,“- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების ერთი ნაწილი პროცესის გაუმჭვირვალობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ჯერჯერობით ვერ ვხედავ და არ მაქვს იმის აღქმა, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალე იყოს და პროგრესული. პარლამენტში უნდა იყოს იმის მზაობა ყველა წევრიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ პარლამენტი არის გამჭვირვალე საჯარო ინსტიტუცია, აქედან გამომდინარე ამის მზაობა უნდა იყოს. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, ჩემი დანახვა არ არის აქ პრობლემა, მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ-მეთქი ვთქვი. საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს ნდობა პროცესის მიმართ,“- განაცხადა დეპუტატმა, ბიძინა გეგიძემ.
იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეთა 10-კაციან სიას მმართველი გუნდის კიდევ ერთი დეპუტატი, ზაზა პაპუაშვილი ეწინააღმდეგება.
„იმ ათკაციანი სიის წარდგენის წინააღმდეგი ვარ და როგორც მოხდა ამ სიის წარდგენა მე ამისი წინააღმდეგი ვარ. თუ ჩვენ გვინდა, რომ მომავალი სასამართლო, მომავალ თაობებზეა ლაპარაკი, ჩვენ დღესვე უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ შევქმნათ აი, ასეთი მომავალი. რა არის ეს მომავალი? სამართლიანი სასამართლო, კვალიფიკაცია და ადამიანების ბიოგრაფია,“- განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
ამ წუთებში კი იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია, დეპუტატ გედევან ფოფხაძესთან ერთად, იურისტებს ხვდება. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხზე საუბრობენ.