19 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
პრობაციონერების რაოდენობამ 2018 წლის მიწურულს მკვეთრად იკლო - ოპოზიცია პროცესს არჩევნებს უკავშირებს

პრობაციონერების რაოდენობამ 2018 წლის მიწურულს მკვეთრად იკლო. პირობითი მსჯავრის მქონე პირთა რაოდენობა მხოლოდ ბოლო თვეების განმავლობაში 3 880-ით შემცირდა, მანამდე ეს დინამიკა მზარდი იყო.  

ოპოზიცია პროცესს არჩევნებს უკავშირებს და ეჭვობს, პირობითი მსჯავრის მოხსნა იუსტიციის სამინისტრომ გამოიყენა, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვის ერთგვარი ფორმა.

პრობაციონერთა ოდენობის კლებასთან დაკავშირებით, ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, ირაკლი აბესაძე, ამბობს, რომ სამი თვის წინ პრობაციონერების რიცხვი 20 ათასზე მეტი იყო, ხოლო დეკემბერში ეს რიცხვი 4 ათასით შემცირდა. 

ირაკლი აბესაძე ვარაუდობს, რომ რიცხვის კლება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება. მისი თქმით, ამით ხელისუფლება ამომრჩეველთა გულის მოგებას ცდილობდა.

პრობაციონერთა შესახებ მონაცემები პრობაციის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე იყო განთავსებული, თუმცა, დღის ბოლოს ვებგვერდიდან ინფორმაცია გაქრა. ამ დროისთვის უწყების გვერდზე დეკემბრის მონაცემი აღარ იძებნება.

„წინასაარჩევნოდ, როდესაც ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდა ამომრჩევლის ხმების მობილიზება, როდესაც პირველმა ტურმა დაანახა ხელისუფლებას, რომ მათი მარცხი ფაქტობრივად იყო მოახლოებული, ხელისუფლებამ დაიწყო მრავალგვარი მანიპულაცია, მათ შორის, ერთ-ერთი იყო პირობით მსჯავრდებულებთან ვაჭრობა მათი პასუხისმგებლობის საკითხით. ანუ, მოუხსნიდნენ პირობით მსჯავრს ასეთ პირებს, თუკი ისინი შეძლებდნენ ხმების გარკვეული რაოდენობის მობილიზებას მმართველი გუნდისთვის. თუკი დღეს ჩვენ შევხედავთ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ოფიციალურ ინფორმაციას, ვნახავთ, რომ 2018 წლის ნოემბერსა და დეკემბერში პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობა შემცირდა, თითქმის, 20%-ით, დაახლოებით 4 ათასამდე ადამიანით მაშინ, როდესაც გასული 3 წლის განმავლობაში ეს ციფრი იყო მუდმივად მზარდი და დაახლოებით, 11 ათასი ადამიანიდან გაიზარდა 20 ათას ადამიანამდე ქართული ოცნების პირობებში,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

პრობაციონერთა რიცხვის კლებას სწორედ არჩევნებს უკავშირებთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია. ის ვარაუდობს, რომ თითოეულ პრობაციონერს, საშუალოდ, 50 ხმის მოგროვება ჰქონდა დავალებული. 

„ყველამ ვიცოდით, რომ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა ხელისუფლება. წარმოიდგინეთ, 4 ათასი პრობაციონერი ერთი თვის განმავლობაში. კარგია, რაც ნაკლებია პრობაციონერი, მაგრამ არა ძალდატანებით ხმის სანაცვლოდ. მინიმუმ, ეს არის 50 ათასი ხმა. თქვენ რა გგონიათ, ამ პრობაციონერს ეს საპრობაციო ვადა რის სანაცვლოდ შეუწყვიტეს? უბრალოდ იმიტომ, რომ ასე მოუნდა ხელისუფლებას? არა, საშუალოდ 50 ხმა მოითხოვეს,“ - ამბობს ნიკა მელია.

დღის ამბები