19 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
მოსამართლეთა სია - „ევროპული საქართველო“ პარლამენტს რეზოლუციის მიღებას სთხოვს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე სია - „ევროპული საქართველო“ პარლამენტს მოსამართლეთა სიის დასამტკიცებლად რეზოლუციის მიღებას სთხოვს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნის ექვსი წლის მანძილზე არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლებას სასამართლო სისტემაზე კონტროლი აქვს აღებული და ხელს უწყობს კლანური სისტემის გაძლიერებას.

„ევროპული საქართველო“ პარლამენტს მოუწოდებს მიიღოს რეზოლუცია, რომლის საფუძველზეც მოსამართლეთა არსებული სია უკან იქნება გაწვეული, ხოლო ახალი სია კონკრეტული კრიტერიუმების გათვალისწინებით გაიწერება.  

„დავაში, რომელიც მიმდინარეობს "ქართული ოცნების ორ გუნდს შორის, არ არსებობს მართალი მხარე. დღეს შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობა მომავალსა და სასამართლო სისტემაზე უნდა აიღოს ჩვენმა საზოგადოებამ, არასამთავრობო სექტორმა და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციამ.

პირველი, რაც შეეხება სიას, აუცილებელია პარლამენტმა პასუხი გასცეს ამ სიას, რომლის მიმართაც საზოგადოებაში არსებობს მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება. პარლამენტმა, როგორც ინსტიტუტმა უნდა გასცეს პასუხის ამ გამოწვევას და ეს პასუხი გახლავთ პარლამენტის რეზოლუციის მიღება.

პარლამენტი ამ დოკუმენტით, ოფიციალურად მოუწოდებს და მიმართავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკან გაიწვიოს სია, რომელიც შემოსულია და ახალი სია მოამზადოს კრიტერიუმების შესაბამისად. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, რა უნდა იყოს კრიტერიუმები ახალი მოსამართლეებისთვის, მაგალითისთვის აღვნიშნავ მხოლოდ ერთს, რომ ჩვენი შეფასებით სტრასბურგში სასამართლოების განხილვა უნდა იყოს ერთ-ერთი აუცილებელი კრიტერიუმი მოსამართლეების დაწინაურების განსაზღვრისთვის,“- აცხადებს დავით ბაქრაძე.

ოთარ კახიძის განცხადებით, იურიდიულ კომიტეტთან უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ოპოზიციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს სახალხო დამცველი. არასამთავრობო სექტორი, ადვოკატთა ასოციაცია. 

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა მოეხსნას დისკრეცია და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უნდა ამოქმედდეს შეუზღუდავად 2021 წლიდან.

კახიძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ მუშაობს ინიციატივაზე, რათა შეიზღუდოს სასამართლოს მმართველი ჯგუფის გავლენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობაზე.

 

დღის ამბები