19 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
"ოცნების" დეპუტატების მიერ ძველ თბილისში მშენებლობის შესაძლო დაწყება - ხაბეიშვილი კალაძისგან განმარტებას ითხოვს

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე რამდენიმე საკითხის გასარკვევად მივიდა. მას კახა კალაძისგან განმარტებების  მოსმენა მშნებლობასთან დაკავშირებით სურდა.

ხაბეიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრების, ბექა ოდიშარიამ და დავით სონღულაშვილმა ძველი თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მშენებლობების დაწყება გადაწყვიტეს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ბექა ოდიშარიამ ზონარული ცვლილების მოპოვება 2011 წელს შეძლო და ახლა ჯერი მშენებლობის დაწყებაზე მიდგა.

ოპოზიციონერ დეპუტატს დედაქალაქის მერთან ასევე იმ საკითხის განხილვა სურდა, რომელიც დავით სონღულაშვილისთვის პეკინის გამზირზე 600 კვ. მეტრის მიწის ფართობის უსასყიდლოდ გადაცემას ეხება.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ხაბეიშვილის ამბობს, რომ კახა კალაძემ ყველა ამ საკითხის შესწავლა და ისეთი გადაწყვეტილების მიღებას შეპირდა, რომელიც უკანონოდ არ ჩაითვლება.

„პირველი საკითხი, რომელიც მთავრობის სხდომაზე დავაყენეთ, ეხება ბექა ოდიშარიას მშენებლობას თაბორის მთაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში. კახი კალაძისგან ვითხოვდით პასუხს, რას ფიქრობს პირადად და ჩაერევა, თუ არა ამ გადაწყვეტილებაში. მივიღეთ პასუხი, რომ ის ამ გადაწყვეტილებაში ჩაერთვება. მისი პირადი პოზიცია, რაც მოვისმინე დედაქალაქის მთავრობაზე, არის უარყოფითი. არ მოსწონს ის, რომ იქ დღეს შესაძლოა, მშენებლობა გაჩაღდეს და სამშენებლო პოლიგონად გადაიქცეს თაბორის მთა. შესაბამისად, დედაქალაქის მერი პირადად ჩაერთვება, როგორც ჩანს ამ საკითხში და გვითხრა, რომ საზოგადოებას ექნება ინფორმაცია საბოლოო ჯამში მიიღებს, თუ არა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში კახი კალას მერობის პირობებში ოდიშარია მშენებლობის ნებართვას. დეპუტატ სონღულაშვილს და კიდევ ორ კომპანიას 2000 კვ. მეტრი ფართი დაუკანონა აბსოლუტურად უსასყიდლოდ მერიამ. ამ თემასთან დაკავშირებითაც თქვა კახი კალაძემ, რომ საქმის კურსში არაა და ჩაერთვება და  ასევე საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის,“ - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

თბილისის ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, მერიაში შესულია ბექა ოდიშარიას განცხადება მშენებლობასთან დაკავშირებით, თუმცა  შესაბამის სამსახურს გადაწყვეტილება  ჯერ არ მიუღია.

დღის ამბები