19 მაისი 2024,   13:09
ვრცლად
"მთავარი საკითხი უნდა გადაწყდეს ეკლესიისგან" - ზალკალიანი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე

უკრაინისთვის ავტოკეფალიის ოფიციალურად მინიჭებიდან 11 დღე გავიდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ისევ დუმს. დიპლომატიური უწყება, სტრატეგიული პარტნიორის და საქართველოს მსგავსად, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნისთვის რუსეთის ეკლესიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების მილოცვას ისევ არ ჩქარობს და საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ელოდება.

საპატრიარქო კი პოზიციის დაფიქსირებას ტომოსის წაკითხვის შემდეგ აანონსებს. ტომოსი 11 დღეა, ხელმისაწვდომია, თუმცა მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა ის ისევ ვერ წაიკითხეს.

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესიის კომპეტენციაა, მიულოცავს თუ არა ან როდის მიულოცავს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭებას. 

"პირველ რიგში, ეს სწორედ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს ამ საკითხისადმი დამოკიდებულება. რაც შეეხება სახელმწიფოს, მოგეხსენებათ სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში. ჩვენ გვახარებს და მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამყარებს უკრაინის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ არ გვახარებდეს. ეს არის თავშეკავება?- არ ვფიქრობ, რომ თავშეკავებაა, ძალიან მკაფიოდ ვაფიქსირებ. ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით, მთავარი საკითხი უნდა გადაწყდეს ეკლესიისგან.

ოფიციალური პოზიციაა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, როდესაც მინისტრი ახმაურებს. მთავრობამ და პრემიერმინისტრმა გააკეთა განცხადება და საგარეო საქმეთა სამინისტრო არის მთავრობის შემადგენელი ნაწილი, როცა პრემიერმინისტრი აკეთებს განცხადებას, ეს არის მთავრობის და ყველას პოზიცია,"- ამბობს დავით ზალკალიანი.

რაც შეეხება პრემიერის პოზიციას, რომელზეც ზალკალიანი საუბრობს, მოკლე კომენტარი მამუკა ბახტაძემ შობის ღამეს გააკეთა. მან თქვა, რომ ხელისუფლება საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებას ელის. 

დღის ამბები