19 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
მეთოფიშვილი თუ თავს ხედავს ფრთიანი გამონათქვამებით პოლიტიკაში, მოვუწოდებ, 2020 წელს კენჭი იყაროს - ქუცნაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, სერგო მეთოფიშვილის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობაში პასუხობენ. მეთოფიშვილი ეკა ბესელიას ღიად უპირისპირდება და მას სამარცხვინო და უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.

მეთოფიშვილმა დეპუტატი მწვავედ გააკრიტიკა და განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, დღეს ეკა ბესელია დიქტატორული მეთოდებით ებრძვის როგორც თავის ქვეყანას, ისე სასამართლო სისტემას. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეს პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავების ვალდებულება აქვს. ქუცნაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს მოუწოდა, რომ თუკი მსგავს განცხადებებს აკეთებს და თავს პოლიტიკაში ხედავს, კენჭი იყაროს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. 

„ფრთიანი გამონათქვამები უყვართ პოლიტიკოსებს, როგორც წესი. თუ ზოგიერთ მოსამართლესაც უყვარს ფრთიანი გამონათქვამი, მე მას მოვუწოდებდი მაშინ, რომ იყაროს კენჭი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და მოიპოვოს ეს უფლება. იმიტომ, რომ მოსამართლეობის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუ პოლიტიკოსს თმენის ვალდებულება აქვს, მოსამართლეს პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავების ვალდებულება აქვს. ამიტომაც, თუ მეთოფიშვილი თავის თავს ხედავს ამ ფრთიანი გამონათქვამებით პოლიტიკაში, მე მას მოვუწოდებ, რომ 2020 წელს იყაროს კენჭი. საინტერესოა, რომელ პოლიტიკურ ჯგუფს შეარჩევს და მოიპოვოს ხალხის მხარდაჭერა,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, სერგო მეთოფიშვილის განცხადების კომენტირებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მთავარ პრიორიტეტად სასამართლო სისტემის რეპუტაციის დაცვას მიიჩნევს.

„მე კონკრეტული მოსამართლის განცხადებაზე თავს შევიკავებ, რაიმე კომენტარი გავაკეთო იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი საქმე. ჩემი საქმე არის ის, რომ მაქსიმალურად წარვმართოთ ეს პროცესი სწორად და ჩემი საქმე არის ასევე ის, რომ სასამართლოს რეპუტაცია იყოს მაღალი. უნდა მოვუფრთხილდეთ სასამართლოს მაღალ რეპუტაციას იმიტომ, რომ ეს პირდაპირ პროპორციულია კანონის უზენაესობის განმტკიცებაში და იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლოს რწმენა ჰქონდეთ ადამიანებს,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

დეპუტატ ეკა ბესელიას სერგო მეთოფიშვილის განცხადებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

დღის ამბები