თავდასხმა არასამთავრობო სექტორზე - შეტევის ახალი ტალღა ინტერნეტით მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლების რჩეულ მოსამართლეებს სამოქალაქო სექტორი დაუპირისპირდა.
კრიტიკას ინტერნეტში შეურაცხმყოფელი ბანერების და ვიდეორგოლების გავრცელება მოჰყვა. მთავარი აქცენტი ეკა გიგაურზეა. ათობით ფოტომონტაჟით გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის შეურაცხყოფა ხდება.
დასპონსორებული კამპანია არასამთავრობოებს არწმუნებს, რომ ამ გვერდების უკან ხელისუფლება დგას, რომელიც არ ზოგავს თანხას, რათა არასამთავრობო სექტორს ბინძური მეთოდებით ებრძოლოს.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ინტერნეტ თავდასხმებისა და Fake ნიუსების გამოყენების ტექნოლოგიის კვლევა საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურის წინ ცრუ მედია გვერდებისა და შეურაცხმყოფელი facebook ანგარიშების რაოდენობა 160-მდე გაიზარდა.
მესამე სექტორის მიმართ დაწყებულ შავი PR იუსტიციის მინისტრისთვის უცნობია. თუმცა წულუკიანმა ინტერნეტ სივრცეში იმ ტროლების და ბოტების შესახებ იცის, რომლებიც ძირითადად ხელისუფლებას და მინისტრებს აკრიტიკებენ.
იუსტიციის მინისტრისგან განსხვავებით ინტერნეტ თავდასხმების შესახებ ღიად საუბრობს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიასთვის ნათელია, როდის და რატომ ხდება მესამე სექტორი შავი PR-ის მსხვერპლი.
მესამე სექტორი ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფებისგან თავდასხმას 2019 წელსაც ელოდება. გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე აღარ უკვირთ, რომ „ქართული ოცნება“ კრიტიკული და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ინტერნეტ შეტევებს მუდმივად იყენებს.