19 მაისი 2024,   13:01
ვრცლად
აფეთქება დიდ დიღომში, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა - "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს 

აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში - დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში, გაზგამანაწილებელი კომპანია  „ყაზტრანსგაზის“ იმ თანამშრომლებს კითხავენ, რომლებიც გუშინ აფეთქებამდე ტრაგედიის ადგილას გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. 

შსს-ში ადასტურებენ, რომ ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს.

დიდი დიღმის პოლიციაში იმყოფებიან პროკურორებიც.

„ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები სამართალდამცავებს დიდი დიღმის პოლიციაში დასაკითხად გუშინ გვიან ღამითაც ჰყავდათ დაბარებული.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. განცხადების თანახმად, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლის პირმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აფეთქება დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი, ხოლო 8 მოქალაქე დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები. მისვლის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა შეამოწმეს სადარბაზო, თუმცა, არანაირი ზომები არ მიუღიათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები