საქართველოს პრემიერი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების გამწესების ირგვლივ გუნდში დაწყებულ დაპირისპირებას ეხმაურება. მამუკა ბახტაძის თქმით, მისთვის მიუღებელია, რომელიმე ჯგუფმა მოსამართლეების სიის შესახებ დაწყებული საკითხის „უკანონო პრივატიზება“მოახდინოს.
ბახტაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისთვის აუცილებელია კონკრეტული კრიტერიუმების გაწერა.
„ჩემთვის მიუღებელია ამ თემის უკანონო პრივატიზაცია, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, ვინაიდან ეს არის საერთო საზრუნავი. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა და ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს კრიტერიუმებისა და პროცედურების გაწერა და დადგენა საერთო ჩართულობით, რომლის მიხედვითაც, იქნებიან შერჩეული შესაბამისი მოსამართლეები.
საქართველოს მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს ფუნქციონირებაში, ეს დრო საქართველოში დასრულდა, დარწმუნებული ვარ, არცერთ ჩვენგანს არ სურს, იცხოვროს იმ დროში, როცა პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირი რეკავდა სასამართლოში და სასამართლოს ისე ალაგებდა, როგორც სურს. მივისწრაფით ევროპისკენ, რეფორმებს, რომელიც ხორციელდება, აქვს დადებითი შეფასება ევროპელი პარტნიორების მხრიდან,“ - ამბობს მამუკა ბახტაძე.