19 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
სროლა ვერაზე - ადუაშვილსა და ჯორბენაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ვერაზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების საქმეზე დაკავებულ გიორგი ადუაშვილსა და კონსტანტინე ჯორბენაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა - გიორგი ადუაშვილსა და კონსტანტინე ჯორბენაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სრულად დააკმაყოფილა.

პროკურატურა ძირითადად იმ გარემოებაზე ამახვილდებდა ყურადღებას, რომ თავისუფლებაში ყოფნის პირობებში, ბრალდებულები შესაძლოა, მიმალულიყვნენ ან გამოძიებისთვის ხელი შეეშალათ.

ბრალდების მტკიცებით, ისინი ახლობლები არიან და არსებობდა საშიშროება, რომ მათ ერთად მოეხდინათ მოწმეებზე ზეწოლა ან გაენადგურებინათ მტკიცებულებები.

გიორგი ადუაშვილის ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ასევე ამ ეტაპზე არ არის ამოღებული იარაღი, რითაც, სავარაუდოდ, ადუაშვილი გასროლას ახორციელებდა. სწორედ ამის გამო, ადვოკატებისთვის გაუგებარია, რა მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ადუაშვილი ზურაბ კუჭავას მისამართით ისროდა.

ადუაშვილი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

რაც შეეხება კონსტანტინე ჯორბენაძეს, მას პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებს. მისი ადვოკატების თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს დაადასტურებს.

დღის ამბები