სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მიზნით გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას იუსტიციის საბჭოსთან არსებულ უცხოელ ექსპერტთა საბჭოს შექმნას სთავაზობს. აღნიშნული ინიციატივა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე გაახმოვანა.
გიორგი ვაშაძემ უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანაში სასამართლოს კუთხით უმძიმესი ვითარებაა.
მისი თქმით, აუცილებელია მოხდეს ევროპული პრაქტიკის გამოყენება, რადგან ის სასამართლოს განვითარებას შეუწყობს ხელს. გიორგი ვაშაძე განმარტავს, რომ უცხოელ ექსპერტთა საბჭოს სისტემამ მოლდოვასა და უკრაინაში წარმატებით იმუშავა.
„იუსტიციის საბჭოსთან იქმნება უცხოელ ექსპერტთა საბჭო. ვინ არიან ეს უცხოელი სპეციალისტები, ადამიანები, ვინც იყვნენ მაღალი რანგის მოსამართლეები წამყვან დასავლურ ქვეყნებში. ამ ადამიანებს წარადგენს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც არის საქართველო, მაგალითად, ევროპის საბჭო, ეუთო... რაც ყველაზე მთავარია, ამ უცხოელ ექსპერტებს აქვთ ვეტოს უფლება ანუ მათ შეუძლიათ თქვან, რომ კონკრეტული პიროვნება არ შეიძლება იყოს მოსამართლედ გამწესებული, იქნება ეს უზენაეს სასამართლოში თუ ნებისმიერ სასამართლოში,“ - ამბობს ვაშაძე.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად კლანური მმართველობის გაძლიერებას და პარლამენტისთვის წარდგენილი 10 მოსამართლის უვადოდ გამწესებას ცდილობენ.
„უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა შექმნილი სასამართლოსთან დაკავშირებით საქართველოში. იუსტიციის საბჭო, რომელსაც ნულოვანი ნდობა აქვს, ცდილობს, რომ გაიტანოს იმ კლანის წარმომადგენლები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად გაიყვანოს, რომლებსაც მთელი საზოგადოება ეწინააღმდეგება. მეორე მხრივ, უმრავლესობაში გვყავს ლიდერები, ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ივანიშვილის დავალებას ასრულებენ და მათი მიზანია, ეს მათ მიერ მოსყიდული მოსამართლეები, როგორმე შეიყვანონ სასამართლო სისტემაში და როგორმე ისინი გახადონ უვადო მოსამართლეები. ჩვენი ვალია, რომ ეს ყველაფერი არ დავუშვათ,“ - განაცხადა ვაშაძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სხვადასხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და ადვოკატებმა დემონსტრაციულად მოაწერეს ხელი სპეციალურ მანიფესტს, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 11 წევრის გადადგომას ითხოვენ, ვინც უზენაესი მოსამართლეების კანდიდატებს მხარი დაუჭირა.