სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს ოპოზიციის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ პროცესად ასახელებენ და ამბობენ, რომ მას მორჩილი მოსამართლეების შენარჩუნება სურს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მურთაზ ზოდელავა, მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების მმართველობის შესუსტების და ამომრჩევლის ნაკლებობის შედეგია ის, რომ მათ პოზიციების გამყარება და ხვალინდელ დღეზე ზრუნვა დაიწყეს.
„ყველა მათგანი ხედავს იმას, რომ ელექტორალური ველი რადიკალურად შეიცვალა. ყველა მათგანი ხედავს, რომ ივანიშვილმა დაკარგა თავისი საყრდენი ამომრჩეველში და ძირითადი პლასტი ქართული ოცნების ამომრჩევლისა, როგორც ასეთი, აორთქლდა, არ არსებობს და ამიტომ მათ დაიწყეს ფიქრი მომავალზე და ხვალინდელ დღეზე. მე ამას ვუკავშირებ მოსამართლეების გადაწყვეტილებასაც, მე ამას ვუკავშირებ თვითონ ბესელიას და მისი თანამოაზრეების ასეთ ეტაპს, როცა ისინი უფრო გამბედავები გახდნენ, ვიდრე ოდესმე ყოფილან ამ ბოლო წლების განმავლობაში,“ - აცხადებს ზოდელავა.