„ჩვენ ეს ნაბიჯები გადავდგით და ძალიან მნიშვნელოვან საფრთხეს გადავარჩინეთ სასამართლოს მომავალი,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის მდივანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, გააკეთა.
დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ შეხვედრის დროს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას არ გეგმავს.
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ივანიშვილთან შეხვედრის დროს სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.
„მე მგონი, ის ადამიანები უფრო არიან ამბოხებულები, ვინც ჩინჩალაძეს უპირებენ, მხარი დაუჭირონ და ისინი მიდიან დინების საწინააღმდეგოდ და მოსახლეობის და ჩვენი ამომრჩევლის საწინააღმდეგო ნებაზე და შესაბამისად, ამბოხი უფრო იქით არის, ვიდრე აქეთ. ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვდგავართ, ჩვენს პრინციპზე ვდგავართ, ჩვენ ჩვენი მორალური პლატფორმა გაგვაჩნია, რომელიც თანხვედრაშია მოსახლეობის უმრავლესობასთან... ჩვენ ვაპირებთ ამ პოზიციის დაფიქსირებას, ჩვენ ვაპირებთ ყველას დარწმუნებას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოებრივი საქმის გაკეთება,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება, ხუთშაბათს შედგება. ეს იქნება პირველი შეკრება საპრეზიდენტო არჩევნების და მმართველ გუნდში არსებული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ და ივანიშვილი ე.წ. ურჩი დეპუტატების საკითხსაც განიხილავს.