ამ ეტაპზე არ გვაქვს განზრახვა, შეჩერების მექანიზმის ამოქმედება მოვითხოვოთ - ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კომენტარები ევროპის დედაქალაქში გაკეთდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს.
ბრიუსელში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით ისინი კმაყოფილები არიან.
„ევროკომისია კმაყოფილია, თუ როგორ ართმევს თავს საქართელო ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ეს ის პრობლემებია, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უვიზო მიმოსვლის მქონე სხვა ქვეყნებსაც ეხება. ჩვენ რეგულარულად ვამოწმებთ მონაცემებს იმის შესახებ, იზრდება თუ არა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ამ ქვეყნებიდან და ჩვენი შთაბეჭდილებაა, რომ ეს რიცხი არ იზრდება. ვითარება კონტროლის ქვეშაა და საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ნაკადი შეამციროს,“- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა.
განცხადება ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანმაც გააკეთა.
„წელიწადში ერთხელ ევროკავშირში მზადდება ანგარიში, სხვადასხვა ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შემოღების შედმეგ შექმნილი ვითარების შესახებ. რა თქმა უნდა, არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა გარკვეული რაოდენობა, რომელთა მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდა. თუმცა მათი რიცხვი მცირეა ადამიანების იმ რაოდენობასთან შედარებით, რომლებმაც უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, ევროპაში მოგზაურობისთვის გამოიყენეს. ამ ეტაპზე არ გვაქვს განზრახვა, შეჩერების მექანიზმის ამოქმედება მოვითხოვოთ,“- განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა.
სალომე ზურაბიშვილი უკვე დღეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის შეხვდება. დაგეგმილია აუდიენცია ნატოს შტაბბინაშიც.
„საქართველოს ხელისუფლებას კარგად აქვს გაცნობიერებული ის პრობლემები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ გაჩნდა. როგორც უკვე აღინიშნა, ჯერ-ჯერობით შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დღის წესრიგში არ დგას. ჩვენ კარგი მოსწავლეები ვართ და მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საჭირო არ გახდეს. ხოლო საქართველომ შეინარჩუნოს ევროპაში თავისუფლად გადაადგილების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უფლება,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.