ევროპელი დიპლომატები საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდაზე საუბრობენ - ქართველი ექსპერტები კი არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას გადახედოს.
ექსპერტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მოახდინონ საქართველოს მოქალაქეების დროული ინფორმირება, თუ რა შეიძლება მოჰყვეს თავშესაფრის მოთხოვნის გაზრდას.
პრობლემის განსახილველად 6 ევროპული ქვეყნის დიპლომატი შეხვედრას უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრთან გეგმავს.
„საქართველოს სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომ ეს მნიშვნელოვანი და ძალიან სერიოზული მიღწევა, რაც არის თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირთან, ეს იყოს შენარჩუნებული. ჩვენმა დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა, სახელმწიფომ უნდა იფიქროს და იზრუნოს, რომ ასეთი საფრთხის წინაშე აღარ დადგეს საქართველო და საქართველოს მოქალაქეებს ეს პრობლემა აღარ შეექმნათ მომავალში,“- აცხადებს საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი, კოტე ჩოკორაია.