დედაქალაქის მერმა ვაკის პარკში მშენებლობის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძემ სამშენებლო ნებართვის გაცემაში ყოფილი მერი, გიგი უგულავა დაადანაშაულა.
კალაძის თქმით, მიუღებელია შენობა-ნაგებობის განთავსება ვაკის პარკში. სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში კახა კალაძე წინამორბედს ადანაშაულებს მისი განცხადებით, მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ მშენებლობა არ დაუშვას. მან უგულავას კორუმპირებული უწოდა.
"უგულავა გამოდის მიამიტი სახით, მინაბული თვალებით და ბოდიშს უხდის საზოგადოებას ძირითადად ჩემი გამონათქვამების გამო და არა იმის გამო, რაც ჩაიდინა ქალაქის წინაშე და რა შეცდომებიც აქვს დაშვებული. ეს არის ძალიან დიდი დანაშაული, პირველ რიგში, თბილისელების და თბილისის წინაშე. მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ასეთი ნებართვა არის გაცემული, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის ძალიან მძიმე იქნება და ჩვენ მოგვიწევს ამ მიმართულებით მუშაობა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა უკვე, რომელიც არის მისი მერობის დროს გაცემული. ჩემთვის ბატონი გიგი უგულავა, რომელიც არის კორუმპირებული, არის მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყო მერი. პატივცემულმა ინვესტორმა, ვისთანაც გასდიოდა შანტაჟის ენით საუბარი, ისევ იმასთან ისაუბროს,“- განაცხადა კახა კალაძემ.
ვაკის პარკში დაგეგმილი მშენებლობის შესახებ სასამართლოს ბოლო ინსტანციამ დაადგინა, რომ სასტუმრო "ბუდაპეშტისთვის" თავის დროზე ნებართვა კანონის სრული დაცვით გაიცა. გადაწყვეტილების დასაბუთებაში კი ითქვა, რომ სარეკრეაციო ზონაში მშენებლობა პრობლემა არ არის.
ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტისთვის" მშენებლობის გაცემას დიდი სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.