საპარლამენტო უმცირესობაში ვარაუდობენ, რომ "ქართული ოცნების" სხდომის შემდეგ, როგორც პარლამენტში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებები დაიწყება.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაწყენებული ივანიშვილი, რომელსაც ბოლო დროს რამდენიმე სურვილი არ შეუსრულეს, გუნდის ყველა წევრს თავის ადგილს მიუჩენს. სწორედ ამიტომ ირაკლი აბესაძე ვარაუდობს, რომ პარლამენტსა და მთავრობაში ცვლილებები დაიწყება.
„სასამართლოსთან დაკავშირებული და სხვა თავისი ახირებების შეუსრულებლობით, როგორც ჩანს, განაწყენებული ივანიშვილი ახლა შეკრებს მთელ ხელისუფლებას, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელს და საკუთარი ინტერესების შესაბამისად, მიუჩენს თითოეულ მათგანს ადგილს. როგორც ჩანს, იქნება ცვლილებები, როგორც პარლამენტში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებისთვის მიმდინარე ამ პოლიტიკურ პროცესში და ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟში არ დავკარგოთ ფოკუსი იმ პრობლემებზე, რომლებიც რეალურად აწუხებს საზოგადოებას.
რა თქმა უნდა, ბოლომდე მისაყვანია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სერიოზული საკითხი და, რა თქმა უნდა, დასაძლევია ის ძალიან დიდი სიღარიბე, რომელიც არა ერთი სოციალური ტრაგედიის მიზეზი ხდება ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.