ხმაური დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე - საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერს საბავშვო ბაღებში არსებულ კვებასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვა. მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძის ის განკარგულებები მიიტანა, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების რაციონს განსაზღვრავს და რომელიც მისი თქმით უხარისხოა.
ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძეს ასევე პასუხი მოსთხოვა თბილისში არსებულ უკანონო თხრილებზე, რომელსაც, მისი თქმით, 13 წლის მოზარდის სიცოცხლე შეეწირა.
კახა კალაძემ ლევან ხაბეიშვილი შანტაჟსა და პროვოკაციაში დაადანაშაულა და დაცვას მისი დარბაზიდან გაყვანა სთხოვა.
„დედაქალაქის მერი, რომელიც დაწერილს კითხულობს მხოლოდ და მხოლოდ და მათ შორის უზრდელობებსაც მხოლოდ დაწერილს წაიკითხავს ხოლმე, ჩვენ საჯაროდ მოვთხოვეთ, აქვს თუ არა მას გამბედაობა, რომ 60 ათას ბავშვს რომ უხარისხოდ კვებავენ და ეს თავად დაწერეს და ეს ხაბეიშვილს არ მოუგონია, აი, ამაზე რა პასუხს აძლევს თბილისელებს, იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც უხარისხოდ კვებავს და ეს დაწერა თავად. ვკითხე, რომ თუ აქვს გამბედაობა ეპასუხა. ასევე მნიშვნელოვანია, 13 წლის მოზარდი, რომელიც დაიღუპა, 17 მეტრიანი უკანონო თხრილი რომ იყო გათხრილი და დედაქალაქის მერიამ თქვა, რომ თურმე ახლა დააჯარიმეს და 3000 ლარით რომ ბავშვს არაფერი არ ეშველება, მე მგონი ყველასთვის გასაგებია, ამაზე თუ ხედავს ვინმეს პასუხისმგებლობას. იმიტომ, რომ დედაქალაქის მერიის პასუხისმგებლობაა, რომ უკანონო მშენებლობები, უკანონო თხრილები არ იყოს დედაქალაქში. დაცვას მოუხმო ბატონმა კახიმ და გაგვაძევეს დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომიდან,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.