19 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
ე.წ. მეამბოხეებზე საუბარი არ უნდა იყოს - ე.წ. ამბოხებული დეპუტატები უმრავლესობის სხდომისთვის ემზადებიან 

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომისთვის საგანგებოდ ემზადებიან ე.წ. ამბოხებული დეპუტატები. ისინი ამ დროისთვის პარლამენტში იმყოფებიან და მსჯელობენ, რა გზავნილებით უნდა მივიდნენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე. ისინი ფრაქცია “ქართულო ოცნება - სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის სამუშაო კაბინეტში არიან შეკრებილები.

პარტიის თავმჯდომარემ გადაწყვეტილება სწორედ ამ სხდომაზე უნდა მიიღოს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სავარაუდოდ, ეკა ბესელიასთან დაპირისპირება და სასამართლო სისტემის რეფორმირება იქნება.

ეკა ბესელიას თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ ხვალინდელ სხდომაზე ბესელიასა და გედევან ფოფხაძეზე, ან ე.წ. მეამბოხეებზე საუბარი არ უნდა იყოს.

"თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ ჩემი დასჯით მართლმსაჯულება უკეთესი იქნება, მე პრობლემა არ მაქვს. თუ საჭიროა, მე გამიწვიონ უმრავლესობიდან, თუმცა წინა მოწვევის პარლამენტში, პირიქით იყო, 76-ე მანდატი ვიყავი, როცა "თავისუფალი დემოკრატები" წავიდნენ და მაშინ ძალიან მეხვეწებოდნენ, არ მიგვატოვოო, ახლა ეტყობა სხვა სტატისტიკაა. გედი ფოფხაძეზე არ უნდა იყოს ხვალ საუბარი, თუ გვინდა ქვეყნისთვის კარგი, არც გედი ფოფხაძეზე, არც ეკა ბესელიაზე, არც ლევან გოგიჩაიშვილზე და არც ე.წ. მეამბოხეებზე საუბარი არ უნდა იყოს, უნდა იყოს საუბარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, მათ დანიშვნაზე,“- აცხადებს გედევან ფოფხაძე.

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი კი ამბობს, რომ პრეტენზია იქნება პარლამენტის ხელმძღვანელობის მიმართ, როგორ დაუშვეს, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ საკანონმდებლო ორგანოსთვის. გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ შეურაცხმყოფელია, როცა ორი ფარატინა ქაღალდი შევიდა საკანონმდებლო ორგანოში, სადაც მოსამართლეთა ათკაციანი სია იყო გაწერილი.

გარდა ამისა, გოგიჩაიშვილის თქმით, პარლამენტის ხელმძღვანელობამ არ დაიცვა დეპუტატები, როცა მათ შეურაცხმყოფელ ბრალდებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უყენებდნენ. 

”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” წევრი, მირიან წიკლაური კი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოყვანისთვის დაწყებულ ბრძოლაში ეკა ბესელია პირველივე დღიდან იყო ჩართული. ამიტომ წიკლაურის თქმით, გუნდში გადაწყვეტილებების მიღების დროს ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის აზრი გასათვალისწინებელია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები