თქვენგან გავიგე, რომ ის 10 თვის განმავლობაში აქ იყო - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საერთაშორისო ძებნილის, ჯეკ შეფარდის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
თალაკვაძის თქმით, მან დანამდვილებით იცის, რომ შს სამინისტრომ ინტერპოლის წითელ ცირკულარზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა და საექსტრადიციო პროცედურებიც დაწყებული იყო.
კითხვაზე, ის ფაქტი, რომ ბრიტანეთის ძებნილი მოქალაქე საქართველოში 10 თვის განმავლობაში ცხოვრობდა, ხომ არ ნიშნავს, რომ ქვეყნის უსაფრთხობა ჩამოშლილია, თალაკვაძე ამბობს, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორების მიერ უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული.
"მე ვფიქრობ, ის განცხადება, რომ ქვეყნის უსაფრთხოება ჩამოშლილია, როგორც მინიმუმ, წინააღმდეგობაში მოდის ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორთან. პირველი ის, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან აქვს პირიქით, უსაფრთხო ქვეყნის შეფასება, საქართველოს აქვს მზარდი ტურიზმი, რაც ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს აქვს მზარდი ეკონომიკა და მყარი პოზიციები საერთაშორისო ფორმატებში. შესაბამისად, როგორც თქვენ მეკითხებით უსაფრთხოების ჩამოშლაზე, ეს ყველაფერი არ მიუთითებს.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ ადამიანს, მე თქვენგან გავიგე, რომ ის 10 თვის განმავლობაში აქ იყო და ელოდებოდა სამართალდამცველებს, როდის დააკავებდნენ მას. რაც დანამდვილებით ვიცი, არის ის, რომ შს სამინისტრომ სათანადო რეაგირება მოახდინა ცირკულარზე და ასევე ცნობილია, რომ საექსტრადიციო პროცედურები იყო დაწყებული," -ამბობს თალაკვაძე.
ჯეკ შეპარდი, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა, საქართველოში 10 თვის განმავლობაში ცხოვრობდა, ის სამართალდამცველებზე ადრე „კურიერმა“ იპოვა და ინტერვიუც ჩაწერა.