16 სექტემბერი 2024,   22:50
ვრცლად
ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება. დედაქალაქის მერის განცხადებით, საკითხზე შეთანხმება ინვესტორთან, დღეს გამართულ შეხვედრაზე მოხერხდა. კალაძემ თბილისელებს გამარჯვება მიულოცა. 

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა სასტუმრო ბუდაპეშტის დამფუძნებლებთან. თქვენ იცით, ამ თემასთან დაკავშირებით ვნებათა ღელვა არ წყდება, საკმაოდ დიდია ინტერესი იმასთან დაკავშირებით, იქ აშენდება, თუ არა რაიმე შენობა- ნაგებობა. მე მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, რომ ვაკის პარკმა გაიმარჯვა. მე მინდა მოგილოცოთ და მივულოცო თბილისელებს. ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა ინვესტორთან, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე ვაკის პარკში არაფერი არ აშენდება.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, იმ აქტივისტს, ვინც პირველივე დღეებიდან ჩართული იყო და იცავდა ამ კონკრეტულ მწვანე სივრცეს. იცავდა ჩვენი ქალაქისთვის, თბილისისთვის და თბილისელებისთვის. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო იმ რიგით ადამიანებს, რიგით თბილისელებს, ვისაც გული შესტკიოდა ამ მწვანე სივრცეზე და გვიცხადებდა მაქსიმალურ მხარდაჭერას და თანადგომას. მინდა რა თქმა უნდა მადლობა გადავუხადო ინვესტორს, რომ გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯები და შეთანხმება იქნა მიღწეული,"-განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა "ნაციონალურ მოძრაობაზე" დღეს გამართულ ბრიფინგზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ მშენებლობის ნებართვა, სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში გაიცა. 

მე მინდა ცოტა უკან დავბრუნდე და საზოგადოებას შევახსენო თუ რა ხდებოდა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს 2013 წელს, ამ კონკრეტულ ადგილზე იქნა გაცემული სპეციალური ნებართვა, რომელიც არის უვადო და შემდეგ გაიცა მშენებლობის ნებართვა 30 მეტრიან სასტუმროზე, რომელიც დაახლოებით 8-9 სართული სიმაღლის არის. მაშინდელი მერი სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა დ გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან იყურებოდა ეს ჯერ ვერ დავაზუსტეთ,"-განაცხადა თბილისის მერმა. 

დღის ამბები