14 ოქტომბერი 2024,   02:42
ვრცლად
დაპირისპირება ჩხოროწყუში და დაზიანებული ავტომობილი - "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პარტია "ახალის" წევრს ძალადობასა და ბულინგში ადანაშაულებს

ჩხოროწყუში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ჯუმბერ იზორია, მისი კუთვნილი ავტომობილის დაზიანების გამო, "ნაციონალური მოძრაობიდან", პარტია "ახალში" გადასულ ვახტანგ ლემონჯავას, ძალადობასა და ბულინგში ადანაშაულებს. წინასაარჩევნო წესების დარღვევაზე "ქართული ოცნება" საერთაშორისო დამკვირვებლების რეაგირებასაც ელოდება.

ინციდენტი სოფელ ლესიჭინეში მოხდა. ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს დაზიანებული ავტომობილიც, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. გვარამია-მელიას გუნდის წევრის ქმედება, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებშიც ინახება. ფაქტს არაერთი თვითმხილველიც ჰყავს.

ბრალდებების ადრესატი მომხდარ ინციდენტზე საუბარს თავს არიდებს. "კურიერის" სატელეფონო ზარებს არც თავად ვახტანგ ლემონჯავა და არც მისი შვილი, გიგა ლემონჯავა პასუხობს. ის ჩხოროწყუში პარტია "ახალის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია. გვარამია-მელიას გუნდის წევრები დღეს არც საცხოვრებელ მისამართზე და არც პარტიის ოფისში გამოჩენილან. თანაგუნდელის გამართლება მხოლოდ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სცადეს.

საარჩევნო წესების შესაძლო დარღვევაზე საუბარი დღეს არც პარტიის ლიდერებმა ისურვეს. განმარტებებზე უარი გვარამია-მელიას გუნდის სხვა წევრებმაც თქვეს.

ჩხოროწყუს რაიონში მომხდარი ფაქტი ოპოზიციის სიძულვილის კამპანიის გაგრძელებაა მმართველი პარტიისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გვარამია-მელიას გუნდის ერთადერთი მიზანი ამომრჩევლის დაშინება, ბულინგი და შანტაჟია.

სოფელ ლესიჭინეში მომხდარ ინციდენტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 187 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. საქმეში უკვე დევს თავად დაზარალებულის ჩვენებაც. "კურიერის" ინფორმაციით, დანიშნულია ექსპერტიზა, რომელმაც ავტომობილის დაზიანების ხარისხი უნდა დაადგინოს.

დღის ამბები