14 ოქტომბერი 2024,   02:48
ვრცლად
ხაზარაძე-გახარიას გუნდი ორბელიანების სასახლეში მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდება - პრეზიდენტის ინიციატივა პოლიტიკურ სპექტრში შეაფასეს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში, ხვალ, "ლელოსა" და "საქართველოსთვის" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას ეპატიჟება. პრეზიდენტმა შუამავლის როლი თავად იკისრა და პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. თქვა, რომ მზაობა ორივე მხრიდან არსებობს და გაერთიანებისკენ ნაბიჯის გადადგმა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანს გაამარტივებს.

"გადაწყვეტილება ორი პროევროპული ძალის, "ძლიერი საქართველო" და გახარიას პარტიის ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მიცემს. მივესალმები ხაზარაძის საჯაროდ გამოთქმულ მოსაზრებას, ვიცი რომ არსებობს გახარიას მხრიდანაც," - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის მოწოდებას Facebook-სტატუით გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძე. პარტია "ლელოს" თავმჯდომარე მზადაა, ოპონენტთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

"მე მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას, საქართველო ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად და მისი მხრიდან ამ საქმეში ძლიერი საქართველოს როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმას. როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და ამისათვის გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი. ჩვენი გაერთიანება - "ძლიერი აქართველო" ამის დასტურია," - წერს ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძის პოზიციას იზიარებს "ლელოსთან" კოალიციაში მყოფი ანა დოლიძეც, თუმცა იქვე კითხულობს, იქნება თუ არა გაერთიანება შედეგისთვის ეფექტური.

"როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, პირადი რაიმე დაბრკოლება მოლაპარაკებებისთვის და გაერთიანებისთვის არ არსებობს, მთავარი კითხვა არის, მოიტანს თუ არა ეს გაერთიანება იმაზე დიდ ეფექტს, რაც ახლა გვაქვს," - აცხადებს ანა დოლიძე.

პრეზიდენტის მიწვევა მიიღეს გახარიას პარტიაშიც, მაგრამ გაერთიანებასთან დაკავშირებით კითხვაზე კონკრეტულ პასუხს დღეს თავი აარიდეს.

"ლელოსთან" დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია ღიაა, საჯაროდ გვაქვს ნათქვამი და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მოწოდებას გავითვალისწინებთ. იმის გამო, რომ პრეზიდენტს პატივს ვცემთ, გავითვალისწინებთ და მივალთ შეხვედრაზე," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

პრეზიდენტის ინიციატივა მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას კიდევ ერთხელ არღვევს. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ამ ორი ძალის გაერთიანებით პოლიტიკური რეალობა ვერ შეიცვლება.

"ოპოზიციას ნაკლები შანსი აქვთ, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახონ. ცდილობენ, მოატყუონ საზოგადოება. მესამე ძალა არ არსებობს, როგორ განაწილდებიან არ აქვს არჩევნების შედეგზე გავლენა. ერთ მხარეს თაღლითების პარტიაა, მეორე მხარეს - მოღალატეების პარტია," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

გახარია-ხაზარაძე წარსულში პოლიტიკამ გაყო. ახლა მათ ერთობას ისევ პოლიტიკისთვის ითხოვენ.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები